დიმიტრი ქუმსიშვილი ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, საქართველოსთვის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება და გაძლიერება არის უმნიშვნელოვანესი.

„შესაბამისად, კერძო სექტორთან კომუნიკაცია არის ის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას, ასევე იმ პრობლემატიკის იდენტიფიცირებას, რომელიც შესაძლოა სატრანსპორტო სექტორში არსებობს, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ მათზე რეაგირება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მიმართულებით საკმაოდ კარგი ტენდენცია. არის მიმართულებები, სადაც გვაქვს სტაბილური მდგომარეობა, ეს არის ახსნადი, იმიტომ რომ რეგიონში ტვირთბრუნვა ზოგადად არის შემცირებული. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ როცა რეგიონში ტვირთბრუნვა არის შემცირებული, სწორედ მაშინ უნდა შევხდე სატრანსპორტო სექტორს. ამ დროს ჩანს პრობლემატიკა, ამ დროს უნდა დავუჭიროთ მაქსიმალურად მხარი და გვერდში დავუდგეთ იმ სექტორს, რომელიც ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი. მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში სივრცითი განვითარება ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, სადაც ძირითადი ინფრასტრუქტურა რომელიც არის, ეს არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამის შესახებაც მინდა ვესაუბრო ტრანსპორტის სექტორს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ის დღეს ასევე ისაუბრებს იმ გეგმებზე, რომელიც მთავრობას გააჩნია ყველა მიმართულებით, როგორც რკინიგზის, ასევე საავტომობილო, საჰაერო და საზღვაო მიმართულებით.