გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 27 ივლისს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეამცირა.

როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დასაახლოებლად საჭიროა გაგრძელდეს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი. პროგნოზის შესაბამისად, თუკი ეკონომიკაზე მოქმედი სხვა ფაქტორები არ გამოიკვეთა, მოსალოდნელია რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს.

მათივე განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმ იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე პროცენტის კლებას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, 27 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 17392 მომხმარებელს შეუმცირდა.