დიმიტრი ქუმსიშვილი - ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ქუმსიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მოახდინეს მიმდინარე მდგომარეობის პრეზენტაცია, თუ სად იმყოფებიან და რა გეგმები აქვთ ამ მიმართულებით.

„ჩვენ ასევე მოვისმინეთ ის საკითხები, რომელიც ტრანსპორტის დარგისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დარგი, რომელსაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება იმისთვის, რომ დამატებითი ღირებულება შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში და რეალური სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, თავიდან ბოლომდე იქნას გამოყენებული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე.

„მაგალითად, ეს არის ძალიან მაღალი კონკურენცია უცხო ქვეყნის გადამზიდავების მხრიდან, ადგილობრივ ბაზარზე თავისუფლად შემოღწევადობა. ჩვენ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, თუ როგორ შეიძლება აქ დახმარება და ბიზნესის გვერდით დგომა. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ რესურსებზე წვდომა არის საკმაოდ ძვირი და მას სჭირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების განახლება. აქაც ჩვენ შევთანხმდით, რომ არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ნახავთ, როგორ შეიძლება ახალი პროგრამების გაკეთება, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ იაფი დაფინანსების ფარგლებში მწარმოებლებისგან ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.