5 ყველაზე მნიშვნელოვანი სამელიორაციო პროექტი საქართველოში

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა ბოლო წლებში სისტემატური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„საქართველოს მელიორაციის“ მონაცემებით, 2013 წლიდან რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 1870 კმ. სამელიორაციო არხს, 25 ერთეულ სათავე ნაგებობასა, 15 ერთეულ სატუმბ სადგურს და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად საქართველოში წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტრიდან 110 000 ჰექტრამდე გაიზარდა. 2013 წლიდან დღემდე, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში 122 პროექტი განხორციელდა.

გთავაზობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან სამელიორაციო პროექტს, რომელიც საქართველოში განხორციელდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი

მთის არხის რეაბილიტაციის ღირებულებამ 3 000 000 ლარი შეადგინა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა მაგისტრალური არხი, მოეწყო ახალი მილხიდები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები. დღეისათვის არხი სრული დატვირთვით მუშაობს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება, რადგან აღდგენილი საირიგაციო სისტემით სარგებლობს.

იაკუბლოს წყალსაცავი

წყალსაცავი ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით მუშაობას. დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირება, რამაც დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 48 სოფლის მდგომარეობა გააუმჯობესა. ამ სოფლებში არსებულ 3 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

წეროვანის დევნილთა დასახლება

პროექტის განხორციელების შედეგად, დასახლებაში მცხოვრები 2 000-ზე მეტი ოჯახი საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად წყლით ისარგებლებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ ლარზე მეტია, მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაცია

ამ პროექტის ფარგლებში 3 045 000 ლარის ღირებულების 5 პროექტი განხორციელდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაიწმინდა და მოწესრიგდა 130 კმ კოლექტორი. ამის გამო 13 სოფელში, 4 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე, დრენაჟის სერვისით სარგებლობა გახდა შესაძლებელი. დღეისათვის, ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს ორი სარეაბილიტაციო პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 4 060 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 105 კმ სიგრძის სადრენაჟე არხს. პროექტის დასრულების შემდეგ, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს, 7 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს 3 060 ჰექტარ მიწის ფართობზე აღდგენილი სამელიორაციო მომსახურებით.

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა რიონი-ხობის მდინარეთა შორის მასივზე ორი სატუმბი სადგურის და დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 2 250 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული სადრენაჟე სისტემები არა მხოლოდ მიწების ათვისებას უწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანია უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიური მოვლენების პრევენციისთვისაც. დღესდღეობით, ჭალადიდის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტირებულ 8,2 კილომეტრიან მონაკვეთზე გადასასვლელი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ჭალადიდისა და პატარა ფოთის მოსახლეობა მიმდინარე წლის ბოლოდან შეძლებს ისარგებლოს სოფლებთან დამაკავშირებელი 37 ხიდით, რომელთაგანაც 24 - საავტომობილოა.

ხათუნა ჩიგოგიძე