მარტვილსა და ლანჩხუთში ჩაისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნება

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მარტვილში ჩაის გადამამუშავებელი, ხოლო ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება

, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სულ ახალი და ახალი საწარმოები იხსნება.

„დღეს სახელმწიფო გადასცემს მიწის ნაკვეთს კომპანიას მარტვილში და იგეგმება უახლესი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. ჩაის წარმოების აღორძინებისთვის მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებს და ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, რომ ხელი შეეწყოს ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას, რათა მოხდეს დამატებითი ღირებულების შექმნა საქართველოში და ადამიანები დასაქმდნენ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო შეიქმნება. ეს არის ქალაქ ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო.

„აღნიშნული საწარმოს შესაქმნელად კომპანიას გადავცემთ მიწას. მოგეხსენებათ, რომ თხილის მოყვანა და ექსპორტი არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჩვენი სოფლის მეურნეობის, ქვეყნის დიდი პრიორიტეტი გახდა. ამ მიმართულებით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაეცეს ეს მიწა კომპანიას და მოხდეს თხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა ლანჩხუთში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.