თბილისში სექტემბრის ბოლოს შემოსული ახალი ავტობუსების ერთ-ერთი მძღოლი ქალი იქნება

თბილისის მერი დავით ნარმანია Man-ის ქარხანაში თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს პირადად გაეცნო.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში MAN Truck & Bus AG-ის ქარხანაში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო იმ ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს, რომლებიც სულ მალე თბილისში ივლიან.

მერიის განცხადებით, პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს ქალაქ პოზნანში MAN Truck & Bus AG-ის ქარხანა 150 000 მ2 ფართობზეა განთავსებული და 1998 წელს დაფუძნებულ საწარმოში, ძირითადად, CNG-ი საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილი საქალაქო ავტობუსები ეწყობა.

"საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია Man-მა, დააკმაყოფილა ყველა ის ტექნიკური პირობა და მოთხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა დაყენებული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ავტობუსები ყოფილიყო ბუნებრივ აირზე მომუშავე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რათა ერთი მხრივ, დაგვეზოგა საწვავის ხარჯები და მეორე მხრივ, ყოფილიყო გაცილებით უსაფრთხო გარემოსთვის. წარმოების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 7 თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. ისინი იმოძრავებენ წინასწარ შერჩეული მარშრუტით, ფართო ქუჩებსა და გრძელ დისტანციებზე. თუმცა, მეორე ეტაპისთვის ვფიქრობთ შედარებით პატარა ავტობუსების შემოყვანას, რათა ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და ვიწრო ქუჩებში მათ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება.

მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.

შესაბამისად, გააჩნია დიდი უპირატესობები სხვა მოდელებთან შედარებით," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე სექტემბრის ბოლოდან 10 ახალი ავტობუსი შემოვა.

ამასთან, მძღოლებს, რომლებიც Man-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტები გადაამზადებენ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალი იქნება.

მერიის ინფორმაციით, ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი 2017 წლის დასაწყისში დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა. „თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

პოლონეთში მერთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. კომპანია Man-მა ჟურნალისტებს CNG-ი საწვავის უსაფრთხოებისა და უპირატესობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. CNG-ი საწვავზე მომუშავე ავტობუსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

დავით ნარმანია ხვალ Man-ის მეორე ქარხანასაც ეწვევა, რომელიც პოლონეთის ქალაქ სტარახოვიცეში მდებარეობს", - განაცხადეს მერიაში.