60 წლის ქართველი ქალი, რომელიც „მანის“ ავტობუსის მძღოლი იქნება

თბილისში სექტემბრის ბოლოს შემოსული ახალი ავტობუსების ერთ-ერთი მძღოლი ქალბატონი იქნება.

60 წლის მადონა ნაროუშვილი უკვე დიდი ხანია მერიის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელია და სფეროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს.

მადონა ნაროუშვილი თბილისში ერთადერთი ქალი მძღოლია, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტს მართავს. ოცდათოთხმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ დღეს უკვე ახალი გამოწვევისთვის ემზადება. ამბობს, რომ ,,მანის” ავტობუსების შემოსვლის გამო მუშაობის განსაკუთრებული ჟინი და ხალისი მიეცა.

,,როცა ახალი ავტობუსის მძღოლობა შემომთავაზეს, სიხარულით დავთანხმდი. ეს არ იყო ჩემთვის მოულოდნელი და ვფიქრობ, არც ძალიან რთული იქნება. ამ შესაძლებლობაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი”, - ამბობს მადონა ნაროუშვილი.

22 წლის იყო, როცა შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ, ტრამვაის მძღოლი გახდა. მაშინ მისი არჩევანი ყველას უკვირდა და ამიტომ ახლა სიხარულით აღნიშნავს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. ამ ეტაპზე 121 ნომერ ყვითელ ავტობუსს მართავს და მგზავრები დიდუბიდან ზაჰესის მიმართულებით დაჰყავს. მიუხედავად მრავალწლიანი სტაჟისა, თბილისში ავტობუსის ქალი მძღოლის დანახვა ზოგჯერ მაინც გაკვირვებას იწვევს.

,,არის შემთხვევები, როცა უკვირთ, მაგრამ ამავდროულად უხარიათ კიდეც ჩემი დანახვა. ზოგჯერ ბავშვები გაოცებულები მიყურებენ და ამბობენ, ნეტავ მეც მყავდეს ასეთი ბებიაო. ეს მამხნევებს და ჩემში მუშაობის სტიმულს აღვიძებს”.

ტრამვაის ლიკვიდაციის შემდეგ, მძღოლობისთვის თავი არცერთ წელს არ დაუნებებია. მართავდა იკარუსსა და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ნომერ მუნიციპალურ ტრანსპორტს. ამჟამად შვებულებაშია გასული, თუმცა ამბობს, რომ დასვენება მისთვის დიდ კომფორტს არ წარმოადგენს.

,,ჩემი წამალი არის სამსახური და საჭე. სხვანაირად ცხოვრება წარმოუდგენელია. რისკიანი ვარ და სიახლეების არასდროს მეშინია. თუმცა ვიცი, რომ ახალი ავტობუსები არსებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამავდროულად საკმაოდ გრძელია და კომპიუტერულ სისტემაზე აწყობილი. დასაწყისში ყველა მძღოლის გადამზადება მოხდება. თუ მძღოლი პროფესიონალია, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ავტობუსის საჭესთან დაჯდება. არ დავიჩემებ, მაგრამ ავტობუსის მართვა ბევრ მამაკაცზე უკეთ შემიძლია,” -აღნიშნავს მადონა ნაროუშვილი.

როგორც ის ამბობს, ბავშვობიდან განსხვავებული საქმეების კეთება მოსწონდა და დღესაც ამაყობს იმით, რომ თავის საქმეში ერთადერთია. პროფესიის შეცვლაზე არასდროს უფიქრია და დამღლელი სამუშაო დღეების მიუხედავად, კმაყოფილია იმ საქმით, რასაც აკეთებს.

მუნიციპალური ტრანსპორტის ერთადერთ ქალ მძღოლს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ინგლისური ვერსია: Meet 60-year-old Georgian woman who will drive new bus in Tbilisi