სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - ეროვნული ბანკის პასუხი შოკებზე ადეკვატური იყო

საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხი შოკებზე ადეკვატური იყო , - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც 2015 წლის საგარეო შოკის დროს საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები შეაფასა.

როგორც მარტინმა აღნიშნა, სებ-მა გაცვლით კურსს საშუალება მისცა ექსპორტსა და ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლის გარეშე უზრუნველეყო საგარეო შოკის შეწოვა და იმავდროულად შეინარჩუნა საერთაშორისო რეზერვები.

”ინფლაციის თარგეტირების რეჟიმის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა პოლიტიკის განაკვეთი, რათა ინფლაცია 5%-იანი სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში შეენარჩუნებინა 2015 წლის მანძილზე. გაუფასურების მიუხედავად, კომერციული ბანკები ჯერჯერობით კარგად ართმევენ თავს არსებულ სიტუაციას. ეს, გარკვეულწილად, მიუთითებს სებ-ის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე და უნარზე, არ დაუშვას ბანკების მხრიდან ჭარბი რისკის აღება. ფონდი ასევე მიესალმება სებ-ისა და მთავრობის თანამშრომლობას დედოლარიზაციის ყოვლისმომცველ სტრატეგიასთან დაკავშირებით; ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკის მდგრადობას და შეამცირებს რისკებს, რომლებიც უკავშირდება უცხოურ ვალუტაში სესხებას”, -განცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი წლის მანძილზე გაცვლითი კურსის მერყეობები ასახავს ცვალებად ეკონომიკურ სიტუაციას და თავსებადია მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა განმარტა, გაცვლითი კურსის დინამიკა უმეტესწილად საბაზრო მექანიზმებით იყო განპირობებული, და ხასიათდებოდა დროდადრო მერყეობით, რისი მიზეზიც იყო გაურკვევლობა მსოფლიო და რეგიონალურ დონეზე და ამ პროცესების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

”კერძოდ, 2015 წელს აშშ დოლარის ზოგადმა გამყარებამ და ნავთობის დაბალმა ფასებმა გამოიწვია ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ. საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორების მიმართ. ამ უკანასკნელთა ვალუტები ასევე გაუფასურდა დოლარის მიმართ და, შედეგად, საქართველოს გაცვლითი კურსის გაუფასურება მისი სავაჭრო პარტნიორების მიმართ შედარებით ნაკლები იყო. ამ გაუფასურებამ შეზღუდა ლარებში გამოხატული ექსპორტისა და გზავნილების შემცირება.

ბოლო პერიოდში ლარი გამყარდა, ძლიერი ტურისტული სეზონისა და ნავთობის ფასების ზრდის შედეგად (რამაც საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პერსპექტივები გააუმჯობესა).

სსფ არ ახდენს გაცვლითი კურსის პროგნოზირებას მოკლევადიან პერიოდში. ვალუტის ღირებულება დამოკიდებულია როგორც საგარეო, ისე საშინაო პირობებზე, რომლებიც ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებაზე ახდენს გავლენას. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი ინფლაციის თარგეტირებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერ აკონტროლებს ლარის კურსს მოკლევადიან პერიოდში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნული ბანკის არჩევანს და ჩვენი რეკომენდაცია სებ-ისთვის არის უცხოური ვალუტის ბაზარზე ჩაურევლობა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა ჭარბი მერყეობა ან არსებობს რეზერვების დაგროვების საჭიროება), რაც სრულ შესაბამისობაშია ინფლაციის თარგეტირების რეჟიმთან”, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

კითხვაზე, რა სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის მცურავ გაცვლით კურსს, მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, რომ საქართველო არის პატარა ღია ეკონომიკა, რომელიც ხშირი და მუდმივი საგარეო შოკების გავლენის ქვეშ ხვდება და მისთვის მცურავი გაცვლითი კურსი კარგი არჩევანი იყო.

”მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმმა საშუალება მისცა გამოეყენებინა გაცვლითი კურსი, როგორც ბუფერი, რითაც შეიზღუდა ადგილობრივი ფასებისა და ხელფასების კორექტირება. კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლარის გაუფასურებამ დაიცვა ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, შეინარჩუნა გზავნილების ლარში გამოსახული ღირებულება და საგარეო ბუფერები. დროთა განმავლობაში გაცვლითი კურსის მოქნილობა ასევე იცავს ქვეყანას დიდი საგარეო დისბალანსებისგან. გაცვლითი კურსის დიდი მოქნილობა ასევე, ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების განვითარებას, დედოლარიზაციის პროცესს, ეკონომიკურ დივერსიფიკაციასა და მდგრად ზრდას, რაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს”, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ბოლოდროინდელ შერბილებას, მერსედეს ვერა მარტინი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები მისასალმებელია და თავსებადია დაბალი ინფლაციური წნეხისა და მოსალოდნელზე სუსტ ადგილობრივ და რეგიონალურ მოთხოვნასთან.

კითხვაზე, რა არის ფონდის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში, როდესაც ეკონომიკური სიტუაცია მეზობელ ქვეყნებში ნორმალიზდება, საქართველო უნდა დაუბრუნდეს წინა წლების ზრდის ტემპებს.

”უწყვეტი და სტაბილური ზრდის ძირითადი პირობა არის ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლები და ფონდი აწარმოებს მუდმივ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასთან მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ჯანსაღი მაკროპოლიტიკის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

სტრუქტურული რეფორმები მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი პოტენციალი განავითაროს. ისეთი გარემოს ხელშეწყობა, სადაც ადვილია კომპანიების დაფუძნება და ბიზნესის წარმოება, ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესების განვითარება და მაღალი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის უზრუნველყოფა – უფრო მაღალი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის ძირითადი ელემენტებია. კაპიტალის ბაზრისა და ფინანსური და საპენსიო სისტემის მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები ასევე დაეხმარება ადგილობრივი დანაზოგის მობილიზებაში ინვესტიციებისა და ზრდის დასაფინანსებლად.

თუმცა, არსებობს რისკებიც. საგარეო გარემო კვლავაც გაურკვევლობით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის დაბალი ფასები კარგია საქართველოსთვის, აიაფებს რა ნავთობის იმპორტს, მათ უარყოფითი გავლენა აქვთ რუსეთზე, ხოლო შენელება ჩინეთის ეკონომიკაში უარყოფითად მოქმედებს საქართველოსა და რეგიონზე”, - განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.