აშშ-მა სანქცირებული რუსული კომპანიების სია გააფართოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებული რუსული კომპანიების სია გააფართოვა.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები კიდევ 81 კომპანიას დაუწესა. სანქციების გაფართოვების შესახებ ინფორმაცია სამთავრობო გამოცემა Federal Register-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სანქცირებულთა სიაში მყოფი 75 კომპანია რუსეთში მდებარეობს, შვიდი - ყირიმში, ორი კი ჰონ-კონგსა და ინდოეთში. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, რუსეთს სანქციები აღმოსავლეთ-უკრაინასა და ყირიმში არსებული ვითარების გამო უწესდება, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც განმარტებითი ჩანაწერიდან ირკვევა, სანქციები უშუალოდ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობიდან გამომდინარე დაწესდა.

განცხადების თანახმად, კომპანიები, რომლებსაც ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა, ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას ზიანს აყენებენ. უკვე ცნობილია, რომ აშშ-ს „შავ სიაში“ “გაზპრომის” დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიებიც მოხვდა.