„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი 12 სექტემბერს განახლდება

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 12 სექტემბერს, 14.00 საათზე, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს ბრალდების მხარის 7 მოწმე დაიკითხა. ბრალდების მხარის მოწმეებმა სასამართლო პროცესზე ისაუბრეს იმ ზარალზე, რომელიც მათ მიადგათ „ცენტრ-პოინტის“ ბინის დროულად ჩაუბარებლობის გამო. ასევე მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მათ თანხა სრულად აქვთ დაფარული, თუმცა ბინით უზრუნველყოფა არ მოხერხდა.

„მე თანხა სრულად გადავიხადე, თუმცა ფართი ვერ მივიღე. კრწანისის სანაცვლოდ, სადაც ბინა უნდა მიმეღო, შემომთავაზეს მარიჯანის ქუჩაზე ბინა. თუმცა, მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდი, რადგანაც მარიჯანზეც არ აუშენებიათ ბინა და გამოდიოდა, რომ ჰაერიდან ჰაერში გადაყვანა შემომთავაზეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოწმემ ირმა ჯულაყიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა იმსჯელეს კრწანისის ეპიზოდზე, საქმეში სულ კრწანისის, სააკაძის მოედნისა და ხოშარაულის ეპიზოდები არის.

„ცენტრ-პოინტის“ საქმეში ბრალდებულები არიან მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია.

ბრალდებულებს გამოძიება თაღლითობასა და თანხის მითვისებას ედავება.