როგორ აისახება რეფინანსირების განაკვეთის ხშირი ცვლილება ქვეყნის ეკონომიკაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შეამცირა.

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საშუალო ვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირებასაც ვარაუდობს.

როგორ აფასებენ სების მიმდინარე ნაბიჯებს ექსპერტები და აქედან გამომდინარე რა მოლოდინები აქვთ მათ, საკითხით ,,ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრა ყოველთვის დამოკიდებულია ინფლაციაზე და აქედან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება.

,,ჩვენი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5 %-ია. შესაბამისად, მას შემდეგ რაც რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა 6,5%-მდე, გაიზრდება ლარზე ხელმისაწვდომობა, ასევე მოთხოვნა ლარის რესურსზე, რაც ეკონომიკურ ზრდასაც შეუწყობს ხელს და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე მიახლოებასაც”, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი იყო და ექსპერტები ამას პროგნოზირებდნენ.

,,რაც შეეხება 6%-მდე შემცირებას, ზოგადად კარგია, როცა ეროვნული ბანკი პროგნოზს წინასწარ აცხადებს და ბაზარზე სწორი მოლოდინების შექმნას უწყობს ხელს. რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას პირდაპირი ეფექტი მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე აქვს და ასეთი საქართველოში აგვისტოს მონაცემებით 17642 მომხმარებელია. შესაბამისად მათ 0, 25%-ით შეუმცირდებათ სესხზე საპროცენტო განაკვეთი,  რაც მათთვის გარკვეული შეღავათია”, -აღნიშნავს კეპულაძე.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი შეიძლება იყოს.

,,ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ზრდის და არ ამცირებს ლარის კურსიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებს ინფლაციური ტარგეტირებით. ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია ფასების სტაბილურობა, თუ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია, ამ შემთხვევაში, ის იღებს მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილებას”,-აღნიშნავს კეპულაძე.

მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ლარის კურსზე და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ აქტივობაზე მხოლოდ ირიბი ზეგავლენა ექნება.

ექსპერტი აკაკი ცომაია კი ეროვნულ ბანკის ქმედებას არასწორად მიიჩნევს და აღნიშნავს რომ, რეფინანსირების განაკვეთის ხშირი ცვლილება ეკონომიკაზე და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.

„ეროვნულ ბანკს უკვე გამოკვეთილი აქვს სტრატეგია, რომ რეფინანსირების განაკვეთი მიზნობრივი ინფლაციის დონემდე შემაციროს. გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის დონე ამ ეტაპზე არ არის მაღალი, მას აქვს მონეტარული პოლიტიკის შერბილების რესურსი. თუმცა სწრაფი ცვლილებები ქვეყანაში სტაბილურობის განცდას არ ქმნის“, - აღნიშნავს ცომაია.

ქრისტინე გამთენაძე