Man-ის სპეციალისტები თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების ბოლო დეტალებზე მუშაობენ

დავით ნარმანია პოლონეთში ვიზიტს განაგრძობს. როგორც  თბილისის მერიაში განაცხადეს, თბილისის მერი მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარესთან, ლევან დარახველიძესთან ერთად დღეს ქალაქ სტარახოვიცეში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტის ფარგლებში გერმანული კომპანია "MAN Truck & Bus AG"-ის რიგით მეორე ქარხანა დაათვალიერა და თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს პირადად დაესწრო.

მერიის ცნობით, "Man"-ის სპეციალისტები, ამ დროისათვის, ბოლო დეტალებზე მუშაობენ. სტარახოვიცეს ქარხნიდან აწყობილი ავტობუსები "Man"-ის პოზნანის ქარხანაში გადაიგზავნება, საიდანაც კომპანია ახალ ავტობუსებს თბილისში ჩამოიყვანს.

მათივე ინფორმაციით, გერმანული კომპანია "MAN Truck & Bus AG" -ი ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერია.

ტარახოვიცეში 1999 წელს აშენებული ქარხანა, სადაც, ახალი ავტობუსების ნაწილები ეწყობა, 261.804 მ2 ტერიტორიაზეა განთავსებული და "Man"-ის ყველა სახის ავტობუსის წარმოებაა შესაძლებელი. აქ 2006 წლიდან აწარმოებენ CNG საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ საქალაქო ავტობუსებს, რომლებიც სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიების შემცირებას.

როგორც მერიაში აცხადებენ, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსები მიმდინარე წლის შემოდგომიდან ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიან ქუჩებზე ივლის. გარდა ამისა, თბილისში მიმდინარეობს ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობაც, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ის სერვისი, რაც ახალი ავტობუსების ექსპლუატაციისთვის არის საჭირო. ავტობაზა მისი მასშტაბითა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული აღჭურვილობით Man-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.

ავტობაზის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა, მათ შორის ადმინისტრაციული შენობა, გამშვები პუნქტი, სერვისცენტრი, საწვავგასამართი სადგური, სამრეცხაო, 377 ავტობუსის ტევადობის ღია სადგომი, დაცვის ჯიხურები და სხვა დამხმარე ნაგებობები.

ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. EBRD-ის სასესხო რესურსმა შეადგინა 27 მლნ ევრო, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა "E5P" 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.