საქართველოში „ბიზნეს სახლი“ იქმნება

საქართველოში ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცე - „ბიზნეს სახლი“ იქმნება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ხვალ, „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ცერემონიას დაესწრებიან პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

სამინისტროს ინფორმაციით, „ბიზნეს სახლი“ წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისე ელექტრონული სივრცის განვითარებას, სადაც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში - როგორც ერთ შენობაში, ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე 60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის მიერ მიეწოდებათ.

”სახელმწიფო სერვისების ერთიან სივრცეში მიწოდება მთავრობის უმნიშვნელოვანესი რეფორმების ნაწილია და გულისხმობს მთლიანად სახელმწიფო სისტემის გარდაქმნას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.