სსფ მიესალმება ხელისუფლების ნაბიჯებს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ბოლოდროინდელ ზრდას და იმავდროულად ადგილობრივ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის პროცესს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი Forbes Georgia-სთან ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, დოლარიზაცია ხელს უშლის სებ-ს, წარმართოს ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა, რათა მიაღწიოს დაბალ და სტაბილური ინფლაციას და ასევე უზრუნველყოს ლიკვიდურობის მიწოდება უკიდურეს შემთხვევებში, თუკი საბანკო სექტორი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

„ფონდი მიესალმება ხელისუფლების ნაბიჯებს ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით. დოლარიზაცია, რომელიც გულისხმობს ფინანსურ სისტემასა და ზოგადად ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ფართო გამოყენებას, ზრდის ეკონომიკის მოწყვლადობას გაცვლითი კურსის მოძრაობის მიმართ. ის ასევე ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს; როგორც საოჯახო მეურნეობების, ისე ფირმების საგარეო ვალის ტვირთი იზრდება ლარის გაუფასურებისას, ხოლო ბანკებმა შეიძლება განიცადონ ზარალი, თუკი მათი მსესხებლები ვერ უზრუნველყოფენ სესხის მომსახურებას. დოლარიზაცია ასევე ხელს უშლის სებ-ს, წარმართოს ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა, რათა მიაღწიოს დაბალ და სტაბილური ინფლაციას და ასევე უზრუნველყოს ლიკვიდურობის მიწოდება უკიდურეს შემთხვევებში, თუკი საბანკო სექტორი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება“, - აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.

სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის თქმით, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ მაკროეკონომკური სტაბილურობა (მათ შორის დაბალი და სტაბილური ინფლაციის დონე) და გაცვლითი კურსის მოქნილობა ეხმარება ეკონომიკას წარმატებულ დედოლარიზაციაში.

„ამდენად, საქართველოს ეკონომიკური შედეგები (performance) იმედის მომცემია და ინფლაციის თარგეტირების წარმატებულმა რეჟიმმა თავისი როლი უნდა ითამაშოს დოლარში დაზოგვისა და სესხების მიმზიდველობის შემცირებაში. გაცვლითი კურსის მოქნილობა ნაკლებად მიმზიდველს ხდის უცხოურ ვალუტაში სესხებას და/ან გასესხებას. სსფ მიესალმება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების ბოლოდროინდელ ზრდას და იმავდროულად ადგილობრივ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს დედოლარიზაციის პროცესს“, - აღნიშნავს სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი.

როგორც მერსედეს ვერა მარტინი აცხადებს, ჯანსაღ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ხელისუფლების დედოლარიზაციის სტრატეგია ფინანსურ სისტემაში ლარის გამოყენების დამატებით სტიმულს ქმნის.

„სტრატეგია სწორად არის ფოკუსირებული საბანკო დეპოზიტების ლარში განთავსების მიმზიდველობის ზრდაზე; იმის უზრუნველყოფაზე, რომ ბანკებმა სრულად აღიარონ დოლარის სესხებთან დაკავშირებული რისკები; დოლარის სესხების შეზღუდვაზე იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც არ აქვთ სტაბილური შემოსავალი დოლარში; იმ ხარჯებისა და რისკების შემცირებაზე, რომლებიც ბანკებს ლარში სესხების გაცემისას უჩნდება; და უძრავი ქონების სექტორის წახალისებაზე ფასები ლარში იყოს დენომინირებული“, - აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.