ევროკავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ ნახევარი წლით გაუხანგრძლივა

ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის პოლიტიკის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საჯარიმო ზომები ნახევარი წლის პერიოდზეა გათვლილი და მოქმედებას 15 სექტემბრიდან დაიწყებს.

ამასთან, ევროკავშირი არ აპირებს ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირების სიის გაზრდას, ვისაც სანქციები შეეხება. ამ დრომდე ევროკავშირის სასანქციო ზომები 146 ადამიანსა და 37 დაწესებულებაზე ვრცელდება.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები პირველად, 2014 წლის ზაფხულში დააწესა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებული რუსული კომპანიების სია გააფართოვა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები კიდევ 81 კომპანიას დაუწესა.