ამერიკული მედიაკომპანია „ფორმულა 1“-ს ყიდულობს

ამერიკულმა მედიაკომპანიამ Liberty Media დაადასტურა, რომ „ფორმულა 1“-ის რალის ბიზნესს ყიდულობს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გარიგების თანხა 4,4 მილიარდი დოლარი იქნება. „ლიბერთი მედიას“ ცნობით, „ფორმულა 1“-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბერნი ეკლსტოუნი თანამდებობაზე დარჩება.

„ლიბერთი მედია“, რომელიც მილიარდერ ჯონ მალოუნს ეკუთვნის, „დისქავერის“ არხის მფლობელია, ასევე აშშ-ში გასართობი და სპორტული პროგრამების დისტრიბუტორია. გარდა ამისა, კომპანია სხვადასხვა სპორტული და გასართობი ბიზნესების აქციებს ფლობს.

პირველ ეტაპზე „ლიბერთი მედია“ „ფორმულა 1“-ის აქციების პაკეტის გარკვეულ რაოდენობას შეიძენს. მთლიანად აქციებს კი მხოლოდ რეგულატორის თანხმობის შემდეგ იყიდის.

„ფორმულა 1“-ის აქტივები 8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თუმცა გარიგების დროს გათვალისწინებული იყო კომპანიის ვალი 4,1 მილიარდი დოლარის ოდენობით.