"თიბისი ბანკმა" შესაძლოა "პროგრეს ბანკი" შეიძინოს

ქართულ საბანკო სექტორში წელს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდება.

უკვე ცნობილია, რომ ბანკი ,,რესპუბლიკა” უმსხვილესმა უცხოელმა ინვესტორმა ,,ჰუალინგ ჯგუფმა” შეისყიდა, შესაბამისად მისი ,,ბაზისბანკთან” შერწყმის შედეგად, საზოგადოება ახალი ლიდერის გამოჩენას უნდა ელოდოს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საბანკო სექტორის ლიდერი ,,თიბისი ბანკი" ,,პროგრეს ბანკის” შეძენას აპირებს, რასაც ამ ეტაპზე ,,თიბისი” ბანკში არ ადასტურებენ.

როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს” "თიბისიში" განუცხადეს, მსგავს ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ.

საკითხთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაცია აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკების” თავმჯდომარეს, გიორგი კეპულაძესაც.

"მსგავს ინფორმაციას არ ვფლობთ და ამ დრომდე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ", - განუცხადეს "ბიზნესპრესნიუსს" "პროგრეს ბანკში". 

"პროგრეს ბანკი" ქართულ საბანკო სექტორში თითქმის ათწლიან ისტორიას ითვლის. სააქციო საზოგადოება ,,პროგრეს ბანკმა” საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზია საბანკო საქმის წარმოების შესახებ 2007 წლის 31 დეკემბერს მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე