გიორგი კვირიკაშვილი - სივრცითი განვითარების კუთხით ჩვენ ბევრს ვმუშაობთ

ბევრს ვმუშაობთ, რომ კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელის გამოყენებით 4 წელიწადში შევქმნათ თვისობრივად, ფიზიკურად, ვიზუალურად სხვა საქართველო , რომელიც იქნება აბსოლუტურად სხვა, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამართული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორთაჭალაში განაცხადა, სადაც ”ბიზნეს სახლის” პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით იდგმევა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლითაც 2017 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება მოგების გადასახადი იმ შემთხვევაში, თუ მოგება არ განაწილდება.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმევა სხვა მიმართულებითაც.

”სივრცითი განვითარების კუთხით ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ რაც იხარჯება ყოველწლიურად ამისგან დამატებით 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის მიმართულებით და კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენებით 4 წელიწადში შევქმნათ თვისობრივად, ფიზიკურად, ვიზუალურად სხვა საქართველო, რომელიც იქნება აბსოლუტურად სხვა, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამართული, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, სრულიად გამოიყენოს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანზიტო პოტენციალი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე დიდი წინსვლაა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული განათლების რეფორმის მიმართულებით. ბიზნესის სახლის პროექტის პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.