”ბიზნეს სახლის” პრინციპით „ყველგან ყველაფერი“ იმუშავებს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს და პირველ ვიცე- პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს მადლობა გადაუხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მმართველობითი რეფორმა დააანონსა, ეკონომიკის სამინისტრომ მასზე ძალიან ბევრი იმუშავა.

„მადლობა მინდა გადავუხადო მათ და ასევე მინისტრს, მინდა ასევე მადლობა გადავუხადო უცხოელ კონსულტანტებს და იმედი გამოვთქვა, რომ უახლოეს მომავალში ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის „ბიზნეს სახლის“ სტრუქტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სივრცე დაყოფილი იქნება ჩვეულებრივ და VIP მომსახურების ზონებად და იქნება პრინციპი „ყველგან ყველაფერი“.

„საუბარია იმაზე, რომ როდესაც „ბიზნეს სახლში“ ბიზნესის წარმომადგენელი მივა, მას შესაძლებლობა ექნება დაჯავშნოს სერვისი და ადგილზე მიაწოდონ. ასევე იქნება პრინციპი „მხოლოდ ერთხელ“ ანუ ბიზნესის წარმომადგენელი როცა გამოიყენებს ამ სერვისს და მიაწვდის საკუთარ თავზე, ბიზნესზე ინფორმაციას, მას მეტჯერ აღარ მოუწევს ამ ინფორმაციის მიწოდება და ეს იქნება შენახული“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იქნება დროის, ფინანსური რესურსის დაზოგვა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო შეამცირებს კორუფციის რისკებს.

დღეს ორთაჭალაში „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.