მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები ყოველთვიურად 50-დან 70 ლარამდე დანამატს მიიღებენ

მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები ყოველთვიურად 50-დან 70 ლარამდე დანამატს მიიღებენ.

როგორც  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში განაცხადეს,  სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელები სამინისტროსგან ყოველთვიურად მიიღებენ 50 ლარიან დანამატს, გარდა ამისა, აღნიშნულ პირებს დამატებით ასევე შეიძლება მიეცეთ 10 ლარი, თუ ისინი ფლობენ მწვრთნელის დიპლომს, ან შესაბამისი ფედერაციის მიერ გაცემულ ლიცენზიას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მწვრთნელის მიერ აღზრდილი 1 სპორტსმენი მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში, ან ორმა სპორტსმენმა მაინც დაიკავა საპრიზო ადგილი ადგილობრივ შეჯიბრებებში, თანხას კიდევ 10 ლარი დაემატება.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე 200-მდე მოქალაქეა რეგისტრირებული, მთაში სპორტის მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არსებული სიის კორექტირებას მოახდენს.

პროგრამის განსახორციელებლად, წელს სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 60 ათას ლარამდეა.

”პროგრამის მიზანია, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის შემდგომი საქმიანობისათვის დამატებითი სტიმულის მიცემა და აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ მაღალმთიან დასახლებებში სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩართულ პირთა და ფიზიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის გაზრდით”, - აცხადებენ სამინისტროში.