ირაკლი ეზუგბაია საქართველოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს

"საქართველოს რკინიგზის" ყოფილი უფროსი, ირაკლი ეზუგბაია საქართველოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

როგორც ირაკლი ეზუგბაიამ ”მაესტროს” ეთერში განაცხადა, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

"საქართველო არის ჩემი სამშობლო, წლების განმავლობაში ვემსახურე ჩემს ქვეყანას, ძალიან პატიოსნად და მომავალშიც ვაპირებ ვემსახურო. დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, როგორც არ უნდა დამთვრდეს სასამართლო, არ არსებობს მტკიცებულებები ჩემს საწინააღმდეგოდ. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ირაკლი ეზუგბაიასთვის აქვს რაიმე სახის ქრთამი მიცემული, რაიმე ფორმით", - აცხადებს ეზუგბაია.

რკინიგზის ყოფილ დირექტორს ბრალი ედება სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებაში. საუბარია ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ "საქართველოს რკინიგზასა" და "ვაგონმშენებელ კომპანიას" შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა 5 ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა - 39 ათასი დოლარი დააფიქსირა. რეალურად კი, ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო. გამოძიების თანახმად, ამ ქმედებით, შპს "საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

მიმდინარე წლის მაისში აღნიშნულ საქმეზე დაკავებული სხვა პირები სასამართლო დაბრაზიდან გაათავისუფლეს, ეზუგბაიაზე კი ძებნა გამოცხადდა.