BIAFF-ის საკონკურსო პროგრამა და ჟიური ცნობილია

ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალის BIAFF საკონკურსო პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია.

როგორც  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, კინოფესტივალზე, რომელიც 18-25 სექტემბერს ბათუმში მეთერთმეტედ გაიმართება 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან იქნება წარმოდგენილი.

ფილმები სამ სექციაში იქნება ნაჩვენები (მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი) და თითოეულ სექციას 5-5 კაციანი ჟიურის შემადგენლობა შეაფასებს. საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე მხატვრული ფილმები "სიკვდილი სარაევოში" და "სიყვარულის შეერთებული შტატები", ასევე ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზიორი ფილმი "უღმერთო". დოკუმენტური ფილმებიდან აღსანიშნავია ორჰან ფამუქის თემატიკაზე გადაღებული ფილმი "მოგონებათა უმანკოება", ავღანეთში გადაღებული ფილმი "განათლებული მიწა" და ბათუმში გადაღებული ფილმი "ლტოლვილი გემი "ენგური". რეჟისორებს შორის არიან 2015 წლის ოსკაროსანი ფილმის "იდას" სცენარისტი რებეკა ლენკიევიჩი, ცნობილი დოკუმენტალისტი და რუსეთში დოკუმენტური კინოსკოლის დირექტორი მარინა რაზბეშკინა, ასევე ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი იულია სინკევიჩი.

კინოფესტივალ BIAFF-ის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერია. ფესტივალი ბათუმში 2016 წლიდან იმართება.

მხატვრული ფილმების სექციის ჟიურის თავმჯდომარეა დიტო ცინცაძე. ჟიურის წევრები არიან ცნობილი ირანელი მსახიობი მაჰტაბ კერამატი; 2015 წლის ოსკაროსანი ფილმის "იდას" სცენარისტი დიდი ბრიტანეთიდან რებეკა ლენკიევიჩი; რუსეთიდან პროდიუსერ ლიზა ანტონოვა; ყაზახეთიდან კინოკრიტიკოსი გულნარა აბიკიევა.

დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი დოკუმენტალისტი, დოკუმენტური კინოსკოლის დირექტორი მარინა რაზბეშკინა (რუსეთი); ჟიურის წევრები არიან: პროდიუსერი ელჰუმ შეიკრიფარი (დიდი ბრიტანეთი); ნარგიზ ბაგირზადე (აზერბაიჯანი); დოვჟენკოს სტუდიის დირექტორი ოლეს იანჩუკ (უკრაინა); სცენარისტი გივი ბესიკ ოდიშარია.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიურის თავმჯდომარეა რეჟისორი ზაზა ხალვაში.

2. იულია სინკევიჩი - ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი, უკრაინა; ჟიურის წევრები არიან: ერევნის თეატრის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი დავით მურადიანი; კინოკრიტიკოსი დილარა ტასბულატოვა (რუსეთი); მსახიობი ზურაბ სტურუა.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 9 ფილმი: "აღსარებები" (რობერტო ანდო, იტალია/საფრანგეთი, 2016; 103 წთ); "სიკვდილი სარაევოში" (დენის ტანოვიჩი, საფრანგეთი/ბოსნია ჰერცოგოვინა, 2016; 85 წთ); "უღმერთო" (რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ); "ზოოლოგია" (ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ); "მასწავლებელი" (იან ჰრებეიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი, 2016; 102 წთ); "მე - ოლგა ჰერპანოვა" (პეტრ კაზდა/ტომას ვაინრები, ჩეხეთი/პოლონეთი/სლოვაკეთი/ საფრანგეთი, 2016; 106 წთ); "სიყვარულის შეერთებული შტატები" (ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ);"ქალიშვილი" (რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ) და "რაუფი" (სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ).

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში ასევე წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი: "ახლო ურთიერთობები" (ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ); "ჩიხი", ხარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი, 2016; 94 წთ); "დიბუკი" (კშიშტოფ კორფჩინსკი, პოლონეთი/უკრაინა/შვედეთი, 2015; 85 წთ); "მოგონებათა უმანკოება" (გრანტ ჯი, დიდი ბრიტანეთი, 2015; 80 წთ); "განათლებულთა მიწა" (პიტერ ჟან დე პუ, ბელგია/ირლანდია/ჰოლანდია/გერმანია, 2015; 87 წთ); "ველური ქალები - ნაზი მხეცები" (ანკა შმიდი, შვეიცარია, 2015; 96 წთ); "მოძრავი კინოთეატრის მოგზაურები" (შირლი აბრაამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ); "წელიწადის დროები ქუინსიში: ჯონ ბერგერის ოთხი პორტრეტი" (კოლინ მაკკეიბი /ტილდა სუისტონი / ქრისტოფერ როთი / ბარტეკ დზიადოსცი, დიდი ბრიტანეთი, 2016; 89 წთ) და "ლტოლვილი გემი "ენგური" (ვახო ვარაზი, საქართველო, 2016).

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში 25 ფილმი იქნება ნაჩვენები.