სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს,  სასწავლო პროცესის დაწყებამდე სააგენტოს უფლებამოსილი პირები გადაამოწმებენ, რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის სტანდარტები სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში და ბიზნესოპერატორებმა როგორ შეასრულეს მიცემული რეკომენდაციები. საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.

„სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული აქტიური კონტროლის შედეგად დარღვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ჩვენი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში უვნებლობის სტანდარტების დაცვა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით გაგრძელდება", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძემ.

წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 - საბავშვო ბაღში და 507 - სკოლაში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.