"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პროფესიონალი ეკონომისტის მოსმენა აღარ სჭირდება ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას"

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე პროფესიონალი ეკონომისტის მოსმენა აღარ სჭირდება ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ვლადიმერ პაპავა ”ფეისბუქის” გვერდზე წერს.

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, დღეს, სექტემბრის მეორე პარასკევს ეკონომისტის დღეა. ამ დღის აღნიშვნას სათავე დაედო 1999 წლიდან, როდესაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის წინადადება ამ დღის შემოღებასთან დაკავშირებით გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმა.

”იდეა, ქართველ ეკონომისტთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით კი წამოვიდა იქიდან, რომ პირველი ქართული სამეცნიერო ეკონომიკური ჟურნალი გამოვიდა 1918 წლის 13 სექტემბერს, სექტემბრის მეორე პარასკევს. ასე გამოიხატა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომისტების მიმართ. სწორედ, 1918 წლიდან აქვეყნებენ ქართველი ეკონომისტები ქართულენოვან პროფესიულ პერიოდულ გამოცემებში თავისი კვლევის შედეგებს.

ეს პროფესიული დღესასწაული, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, ფორმალურად გააუქმა ნაციონალების ხელისუფლებამ. რეალურად კი ეს ისტორიული და იმავდროულად სიმბოლური დღე ქართველი ეკონომისტებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია, და მას ვერც ერთი ნორმატიული აქტით ვერ გააუქმებ.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე პროფესიონალი ეკონომისტის მოსმენა აღარ სჭირდება ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას. გაჩნდა ”ეკონომიკის ექსპერტთა” (და არა ეკონომისტთა) მრავალრიცხოვანი არმია, რომელთაც დაპყრობილი აქვთ მედია-სივრცე და თავს კარგად გრძნობენ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე.

მიუხედავად ამისა, ეკონომისტის პროფესია მაინც პოპოლარულია ქართველ ახალგაზრდებს შორის, რაც თუნდაც მათ არჩევანში გამოიხატება თუ რა სპეციალობით სურთ საუნივერსიტეტო განათლების მიღება. ეს ადამიანები მაძლევენ იმის საფუძველს, რომ ვიყო ოპტიმისტი და მჯეროდეს, რომ დადგება ქვეყნისათვის ის მნიშვნელოვანი დღე, როცა პოლიტიკური ელიტა მიხვდება, რომ ქვეყნის ეკონომიკის მართვის სადავეები ანდონ ეკონომისტებს, და არა ”ეკონომიკის ექსპერტებს”, რომელთაც ხშირად ეკონომიკური მეცნიერების ანა-ბანაც კი არ უსწავლიათ.

ძვირფასო კოლეგებო, ეკონომიკის ფაკულტეტების სტუდენტებო, ყველას გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს და გისურვებთ, რომ მალე დამდგარიყოს ის დრო, როცა ეკონომისტებზე გაჩნდება რეალური მოთხოვნა, როცა ნამდვილი ეკონომისტები მოუმზადებენ პოლიტიკოსებს იმ გადაწყვეტილებების პროექტებს, რითაც უზრუნველყოფენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას!”, - წერს ვლადიმერ პაპავა.