”ჰენკელი” გარდაბანში ახალ საწარმოს ხსნის

საქართველოში წებოვანი სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნება. ”ჰენკელი” ახალ საწარმოს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში 14 სექტემბერს გახსნის.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ცნობით, ეს ”ჰენკელის” პირველი საწარმოა საქართველოში. ქარხანაში Ceresit-ის სამშენებლო წებოვანი მასალები დამზადდება.

”ჰენკელში” წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. რაც შეეხება ექსპორტს, საწარმო წებოვან სამშენებლო მასალებს სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიტანს.

ახალ საწარმოში 35 ადგილობრივი დასაქმდება. კომპანიამ საქართველოში 8 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა. ”ჰენკელის” საწარმოს მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო.

”ჰენკელი” 1876 წელს გერმანიაში დაარსდა. კომპანია მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს და ცნობილია ტექნოლოგიებით ბიზნესის სამ სფეროში: სარეცხისა და სახლის მოვლის საშუალებები, სილამაზისა და მოვლის საშუალებები და წებოვანი ტექნოლოგიები. ”ჰენკელს” 50 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის გაყიდვებმა 2014 წელს 16,4 მილიარდი ევრო შეადგინა.