BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში, ინდუსტრიული პლატფორმა - “ალტერნატიული ტალღით“ იქნება წარმოდგენილი

BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში, 2016 წელს, ინდუსტრიული პლატფორმა“ალტერნატიული ტალღით” იქნება წარმოდგენილი, რომლის მხარდამჭერი საქართველოს ეროვნული კინოცენტრია.

როგორც აჭარის ტურიზმის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, 2016 წელს, “ალტერნატიული ტალღის” ძირითადი ფოკუსია - დაბალბიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება, უცხოელი და ქართველი ინდუსტრიის გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით. მათივე ინფორმაციით, შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ საშუალება განავითარონ პროექტები შემდეგი მიმართულებებით - სცენარი, საპრეზენტაციო მასალები, დაფინანსების სტრატეგია, წარმოების სტრატეგია, დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.

“ალტერნატიული ტალღის” 2016 წლის გამოშვებისთვის შერჩეულია დაბალბიუჯეტიანი მხატვრული ფილმების პროექტები, “მორბენალი” - სცენარის ავტორი და რეჟისორი პაპუნა მოსიძე, “სექტემბერი” - სცენარის ავტორი და რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე, “ხვედრი” - სცენარის ავტორი მიხო მოსულიშვილი, რეჟისორი კოტე ჩლაიძე, პროდიუსერი ლალი კიკნაველიძე, “ინგა” - სცენარის ავტორები ზაზა კოშკაძე, მარიამ ბექაური, რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი, პროდიუსერი გეგა ხმალაძე, “რეისი ლონდონი-შენაქო” - სცენარის ავტორი და რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი, პროდიუსერი ირაკლი სოლომონაშვილი, “გაუმარჯოს” - სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ვარსიმაშვილი, “ღორი” - სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი გიგა ლიკლიკაძე, “დრო” - სცენარის ავტორი და რეჟისორი ანა სარუხანოვა, პროდიუსერი ჟანა სარდლიშვილი. მოწვეული პროექტი, “გარიყულები” - სცენარის ავტორი და რეჟისორი გოგა პიპინაშვილი.

შეხვედრებს დაესწრებიან კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული ტელეპროდიუსერები. „ალტერნატიული ტალღა” 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში ჩატარდება. ღია ლექციები გაიმართება სასტუმრო “DIVAN SUITES” საკონფერენციო დარბაზში და დასწრება თავისუფალია დაინტერესებული სტუდენტებისთვის და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

„ალტერნატიული ტალღა” ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში პირველად 2015 წელს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 7 პროექტი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი, სერბეთი). მონაწილეებისთვის ჩატარდა ვორქშოფები და მასტერკლასები მოწვეული ტრენერების მიერ: პოლ ტაილერი, არნე ლუდვიგი, დუიგუ ტარგანი, ელენე იანოვსკი, ტობიას პაუზინგერი, გულინ უსტუნი, ზიგფრიდ და ა.შ.