სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას ნოდარ კერესელიძე ასრულებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შეასრულებს , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს. დანელია მინისტრის მოვალეობას დღეიდან აღარ ასრულებს და ამ დროისთვის უკვე სამეგრელოში იმყოფება, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან მართავს შეხვედრებს.

ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ერთ-ერთი ასეთი თანამდებობა მინისტრის თანამდებობაა.

დღესვე, არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამშრომლებს დაემშვიდობა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.