ენერგეტიკის მინისტრად - ილია ელოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი ლევან დავითაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი წარადგინა.

"სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის მინისტრის პოსტებს ჩაიბარებენ ლევან დავითაშვილი და ილია ელოშვილი. მათ საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ისინი დღემდე მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდნენ. მოხარული ვარ, რომ პროფესიონალ და ღირსეულ ადამიანებს წარვადგენ ამ ორ ძალიან მნიშვნელოვან პოსტზე. მინდა ვუსურვო მათ წარმატებები და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მინისტრებს, რომლებიც დღეს ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში. ორივე მათგანს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ამ ამოცანებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა ახალი მინისტრების წარდგენაზე.

ელოშვილი და დავითაშვილი დღემდე შესაბამისად, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდნენ.

სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრებმა არჩევნებში მონაწილეობის გამო თანამდებობები დღეს დატოვეს.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ერთ-ერთი ასეთი თანამდებობა მინისტრის თანამდებობაა.

კახა კალაძე პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეორე ნომერია, ოთარ დანელია კი მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია.