დიმიტრი ქუმსიშვილი - ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რომელიც  ურთიერთობებს გვიმარტივებს

„შატო მუხრანში“ ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიება და დახურვის ცერემონია გაიმართა , რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ესწრებოდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, „შატო მუხრანში“ კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი და არგენტინის მენდოზის რეგიონის გუბერნატორი ალფრედო კორნეხო იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ტალებ რიფაის და კონფერენციის მონაწილეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გრძნობს და აფასებს მათ აქტიურ მხარდაჭერას ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის.

„მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც უმასპინძლა ამ მნიშვნელოვან კონფერენციას, მადლობა ჩვენს ელჩს, ჩემს კარგ მეგობარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ ღონისძიებაში, როგორც ელჩი და აქვე გეტყვით ნამდვილ ამბავსაც: ვინ არის საუკეთესო ელჩი საქართველოში? ვინ არის ხალხთა ყველაზე კარგი დამაკავშირებელი? - ეს არის სწორედ ქართული ღვინო, ჩვენი ყველაზე ძველი ელჩი და ყველაზე კარგი დიპლომატი. ბოლო სამი დღის განმავლობაში, კონფერენციის ფარგლებში სულ ვიმეორებთ, რომ ქართული ღვინო 8 000 წლისაა, ჩვენ ვიცით, როგორ მივირთვათ ის სწორად და გვყავს საუკეთესო თამადები. მე ვფიქრობ, ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია მსოფლიოში, რომელიც გვაერთიანებს, გვიმარტივებს ურთიერთობებს და გვეხმარება ერთმანეთის გაცნობაში“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კონფერენციის საქართველოში ჩატარებას სწორი გადაწყვეტილება უწოდა.

„ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კონფერენცია ჩაგვეტარებინა საქართველოში. არა იმიტომ, რომ ღვინო დაიწყო ამ ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ ქართველებმა, თავიანთი არაჩვეულებრივი ნიჭის წყალობით შეძლეს ჩვენი გაერთიანება, გაგვაცნეს ერთმანეთი, დაგვაახლოვეს. მადლობა საქართველოს!“, - აღნიშნა ტალებ რიფაიმ.

მისივე თქმით, ამ კონფერენციაზე შეიქმნა ერთიანი საზოგადოება, ერთიანი ქსელის საფუძვლები, რომელიც განვითარდება მომავალში.

„ეს ერთიანობისა და ნათესაობის გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი მუშაობის. ღვინო, ეს მაგიური სითხეა, მაგიური სასმელი, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ვენახები და არა მაღაზიები. ჩვენ არ ვართ ღვინის ექსპერტები, ჩვენ გვსურს შევქმნათ ცოდნა და ის ტურიზმის ინდუსტრიას გადავცეთ. ეს არ არის ღვინის წარმოების ტექნოლოგია, ეს არის ის, თუ როგორ გავაცნოთ ღვინო ტურისტს, უბრალო მოქალაქეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ამბები, მოვყვეთ და დავრწმუნდეთ, რომ ის ყოვლისმომცველი იყოს ვენახიდან ბოთლამდე. უნდა შევქმნათ გამოცდილება, უნდა ვიყოთ ინოვაციურები, ნოვატორულები და ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობს ტურისტი, რომელიც მიდის ვენახში. ინოვატორობა ორ სფეროში - პროდუქტების შემუშავებასა და დანიშნულების ადგილის მართვაში არის მთავარი გასაღები. ჩვენ უნდა შევაჯვაროთ მეღვინეობა სასტუმროსთან, მუზეუმთან, რესტორანთან, დეგუსტაციასთან და მე ვხედავ საქართველოში პოლიტიკურ ნებას, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს“, - განაცხადა ტალებ რიფაიმ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს, რომელიც დამსწრე საზოგადოებას უშუალოდ ტალებ რიფაიმ გააცნო. ღვინის ტურიზმის შემდგომი გლობალური კონფერენცია, მომავალ წელს, არგენტინაში გაიმართება.