ნაძალადევის უფასო სასადილოებით ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს

ნაძალადევის რაიონში არსებულ სასადილოებში ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე იკვებება, - ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.

უფასო სასადილოების მუშაობის პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.

”სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა ნაძალადევის გამგეობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაიონის სასადილოებში მოსულ ბენეფიციარებს ხარისხიანი საკვები და მომსახურება დახვდეთ”,- განაცხადა დავით გოგიძემ.

როგორც მერიაში განმარტავენ, სასადილოები რაიონის ოთხივე უბანშია განთავსებული და მასზე ზედამხედველობას გამგეობა ახორციელებს. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ცხელი სადილის მიღება დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუძლიათ. რაიონში ამჟამად 10 სასადილო ფუნქციონირებს.