ბელგია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს აღარ მისცემს

ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

რას ნიშნავს აღნიშნული სტატუსი? ამის შესახებ ALLNEWS.GE-მ მცირე მოკვლევა ჩაატარა.

როგორც ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განმარტებული, სამეფო უსაფრთხო სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს, რადგან, როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ამას არ საჭიროებენ.

თუმცა, უსაფრთხო სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეს, მაგალითად, საქართველოს მოქალაქეს, შეუძლია მაინც მიმართოს ბელგიის სამეფოს თავშესაფრის თხოვნით და თქვას, რომ მას საქართველოში სერიოზული საფრთხე ემუქრება, მაგრამ ამისი მტკიცების ტვირთი თავად მოქალაქეს უფრო დაეკისრება, ვიდრე სახელმწიფოს.

რატომ მიანიჭეს საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი?

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ბელგია უსაფრთხო წარმოშობის სტატუსს ქვეყანას იქ არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.

"ბელგიის სამეფო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე, ბელგიის მიერ საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ლოგიკურად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კრიმინალის დონე დაბალია და ადამიანის უფლებებიც დაცულია.

"თუ ერთი სახელმწიფო მეორეს უსაფრთხოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ პრობლემები, რომლებიც ადამიანის უსაფრთხოებას შეიძლება ეხებოდეს არ არსებობს, ცხადია, თავშესაფრის მოთხოვნის ალბათობაც ნაკლებია. თავშესაფარს საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, ისეთი სახელმწიფოების მოქალაქეები ითხოვენ, რომლებშიც ადამიანის უფლებები ნაკლებადაა დაცული, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების სიაში არ მოხვდა," - განმარტა ექსპერტმა ALLNEWS.GE -სთან საუბარში.

იხილეთ გაგრძელება