"ერთი ნაბიჯი კატასტროფამდე!"

მმართველი გუნდი ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობას შეზღუდავს.

წინასაარჩევნო პროგრამაში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ცოტა ხნის წინ წარმოადგინა, ნათქვამია: "სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიმუშავებს რეგულაციებს აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კუთხით, განსაკუთრებით არასრულწლოვნებთან და თამაშდამოკიდებულ პირებთან მიმართებაში. გამკაცრდება სახელმწიფო კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე. გაძლიერდება პრევენციული საგანმანათლებლო კომპონენტი, რათა თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აზარტულ თამაშებში ჩაბმა" ...

ონლაინ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა ქვეყანაში რომ მწვავედ დგას და სასწრაფოდ რეგულირებას საჭიროებს, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" არაერთხელ წერდა. 400 ათასი თამაშდამოკიდებული(!), ათასობით გაღარიბებული, ვალებში ჩაფლული და დანგრეული ოჯახი, თვითმკვლელობით დასრულებული ათობით სიცოცხლე - ეს ის საგანგაშო სტატისტიკაა, რომელიც პრობლემის დაუყოვნებლივ მოუგვარებლობის შემთხვევაში შესაძლოა უფრო მეტადაც დამძიმდეს.

მათე გაბიცინაშვილი, ანალიტიკოსი:

"სტატისტიკა, რომელიც დღეს გვაქვს, მხოლოდ წინასწარი მოკვლევის შედეგია, რადგან არ არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც სიღრმისეულად შეისწავლიდნენ ქვეყანაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემას. იმ ადამიანთა დიდი ნაწილი, 90%-ზე მეტი, ვინც ონლაინ აზარტულ თამაშებშია ჩართული, დაბალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება. შესაბამისად, ისინი განწირული არიან კიდევ უფრო მეტ სიღატაკეში ჩავარდნისთვის. ადამიანების ეს კატეგორია ონლაინკაზინოებს გასართობად არ სტუმრობს. ისინი ებღაუჭებიან იმედს, რომ ამ გზით ფულს იშოვიან, ვალებს გაისტუმრებენ ან თუნდაც პირველად საჭიროებებს დაიკმაყოფილებენ. არადა, შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, ეს სათამაშო სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ პირდაპირ კავშირშია სხვა დაურეგულირებელ ფინანსურ სისტემებთან, მათ შორის, ონლაინსესხებთან. ამის ნათელი მაგალითია, როცა თამაშდამოკიდებული ადამიანი დღეს ონლაინსესხს იღებს და იმისთვის თამაშობს, რომ ეს ვალი დაფაროს. საბოლოო ჯამში აგებს ყველაფერს. ეს სისტემა არსებითად წაგებაზეა ორიენტირებული და შეიძლება მოიგოს, ვთქვათ, ათიდან ან ორმოცდაათიდან ერთმა, დანარჩენები კი აუცილებლად წააგებენ.

ამ სისტემაში ადამიანების ჩათრევის მასშტაბებსა და მათ მდგომარეობას თუ შევხედავთ, ეს არის ტრაგედია როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის დაკარგული ადამიანური პოტენციალი, რომელიც საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს აკლდება. თამაშზე ფსიქიკურად დამოკიდებული ადამიანი, პირველ რიგში, ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ხდება, შემდეგ ეტაპზე კი საფრთხეს წარმოადგენს უფრო ფართო წრისთვისაც, რადგან თამაშისთვის ფულის საშოვნელად მზად არის ყველაზე რადიკალური ნაბიჯის გადასადგმელადაც. ყოველივე ეს ამძიმებს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას და დანაშაულის რიცხვს ზრდის.

თამაშდამოკიდებული ადამიანი გამოკლებულია აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მათ არ აინტერესებთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, არ ადევნებენ­ თვალს მედიასაშუალებებს, შესაბამისად ქვეყნისთვისაც, ისევე როგორც ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის, ყოველი მათგანი დაკარგული ამომრჩეველია.

თამაშდამოკიდებული ადამიანები არ ქმნიან ცოდნის კაპიტალს, შესაბამისად, მათი ადამიანური რესურსი და პოტენციალი დაკარგულია როგორც ბიზნესისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის.

ონლაინკაზინოების უკან ძირითადად ფინანსური აფერა დგას. ეს არ არის ბიზნესი, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს არის სწრაფი დაგროვების ფინანსური კაპიტალი, რომელიც უცებ ნახულობს მოგებას და შემდეგ ან საერთოდ გადის ქვეყნიდან, ან უსაფრთხოებისთვის, სრულიად განსხვავებულ სფეროში აბანდებს­ ამ კაპიტალს.

ფაქტია, რომ სისტემა ნელ-ნელა ადამიანებს სხვადასხვა ხრიკით ითრევს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია, 400 ათასი ადამიანი ერთბაშად გაგიჟებულიყო და გამხდარიყო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. კატასტროფამდე მართლაც ერთი ნაბიჯია!

შესაბამისად, თუ ეს პრობლემა დროულად არ გადაიჭრა, ხვალ ამ ჭაობში ჩათრეული ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი მოასწავებს მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას, მათი და მათი ახლობლების, ოჯახის წევრების სავალო ტვირთის გაზრდას, ქვეყანაში სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას, სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის სოციალური უთანასწორობის კიდევ უფრო გაზრდას, აგრეთვე ეკონომიკურად აქტიური ძალის შემცირებას, რაც ადგილობრივ ბიზნესს დააზარალებს (ადგილობრივი ბიზნესი ვითარდება მაშინ, როცა ქვეყანაში მსყიდველუნარიანი მომხმარებელი არსებობს...), აგრეთვე გაიზრდება კრიმინალი, თვითმკვლელობათა რაოდენობა და სხვ.

პრობლემა ჰგავს ზვავს, რომელიც დაძრულია და აუცილებლად წალეკავს გზად ყველაფერს, რაც შეხვდება და საბოლოოდ ყველას დააზარალებს, მათ შორის იმათაც კი, ვისაც დღეს ჰგონია, რომ მას არაფერი შეეხება. გავიხსენოთ, რა მოხდა სამშენებლო სექტორში, როცა სამშენებლო ფინანსურმა აფერამ უამრავი ადამიანი დააზარალა და ქვეყანაში სამშენებლო კრიზისი გამოიწვია. იგივე, ოღონდ უფრო მწვავედ და უფრო დიდი მასშტაბებით მოხდება აქაც. განსხვავება ის არის, რომ ბეტონის დაუსრულებელი ნაგებობები ჩანს, ის ადამიანები კი, ვინც ონლაინკაზინოების ჭაობშია ჩათრეული, ასე სააშკარაოდ არ ჩანან. თუმცა, ჭირი თავს დიდხანს ვერ დამალავს, მაგრამ ვშიშობ, მერე რამის გაკეთება უკვე დაგვიანებული არ იყოს" .

მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი:

"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ჩვეულებრივი დაავადება, რაზეც მთელი მსოფლიო შეთანხმდა და სახელიც ჰქვია - გემბლინგი, ლუდომანია. ის ისეთივე მძაფრ დამოკიდებულებას იწვევს, როგორსაც ნარკოტიკი. მთელ მსოფლიოში ნარკომანიას იმით ებრძვიან, რომ ამ მიმართულებით განათლებას ზრდიან, პიარკამპანიებს წარმართავენ, ამაღლებენ მოსახლეობის თვითშეგნებას, რომ ეს ცუდია, დამღუპველია და ასე შემდეგ, ჩვენთან კი წამალდამოკიდებულ ადამიანებს აკავებენ და ციხეში სვამენ. აი, ლუდომანებს პირიქით, ყველგან რეკლამებს სჩრიან(!) - ნახე, რა კარგია, მოდი, ითამაშეო!

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 12 სექტემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად