„მარკეტინგ ფორუმ 2016“-ზე HP-ის წარმომადგენელი კრისტიან მენეგონი მასტერკლასს გამართავს

22 სექტემბერს, თბილისში მარკეტინგის ფორუმი - 2016 გაიმართება. ფორუმის თემაა: “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”.

ქართველმა ორგანიზატორებმა მოლაპარაკებები აწარმოეს HP-ის წარმომადგენლებთან ისრაელიდან და საფრანგეთიდან.

უკვე ცნობილია, რომ ფორუმს ისრაელიდან რაფი ალბო, ხოლო საფრანგეთიდან კრისტიან მენეგონი ეწვევა.

ბიზნეს განვითარების მენეჯერი, კრისტიან მენეგონი 20 წლის განმავლობაში ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე მუშაობს ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მისი მონაწილეობით არაერთი წარმატებული მარკეტიგული პროექტია განხორციელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

1995 წელს Drupa-ს გამოფენაზე Indigo-მ ციფრული ბეჭდვის პირველი ნიმუში წარმოადგინა, რომელიც სამრეწველო გამოყენებისთვის იყო განკუთვნილი. კრისტიანი გამოფენას პროდუქციის მენეჯერის სტატუსით ესწრებოდა, სადაც საბაზრო ეკონომიკაში მიღებული გამოცდილება ამ რევოლუციური და ახალი პროდუქტის განვითარებისთვის გამოიყენა.

კრისტიან მენეგონი თვლის, რომ ბეჭდვითი ინდუსტრია ტექნოლოგიურ წინსვლას განიცდის. ამ ცვლილებებში აქტიურ მონაწილეობას კი შეუდარებელი სიამოვნების მინიჭება შეუძლია.

რაფი ალბო და კრისტიან მენეგონი, „მარკეტინგ ფორუმ 2016“-ზე მასტერკლასებსა და ვორქშოპებს ქართველი კოლეგებისთვის გამართავენ.