”კავკასრეესტრი” - სახელმწიფო ჩინოვნიკები არიან მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის სამსახურში

სააქციო საზოგადოება ”კავკასრეესტრის” ადვოკატი საქართველოს პრეზიდენტს, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს მონიტორინგი გაუწიონ ”საქართველოს ბანკის” საქმიანობას, რომელიც „ცდილობს კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ქმედებები“.

ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა გულბანმა და ”კავკასრეესტრის” ადვოკატმა აკაკი ჩარგლიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკები არიან მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის სამსახურში.

მათივე თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის ჩატარებული კვლევით დადასტურდა.

”2015 წლის 1-ელ ოქტომბერს, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ არნახული ”დაინტერესება” გამოავლინა და საჯარო რეესტრისთვის რეკორდულად მცირე დროში, 14 წუთში, მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის, ”საქართველოს ბანკის” ”თხოვნის” საფუძველზე სს ”კავკასრეესტრის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაარეგისტრირა აქციონერთა კრების მიერ არარჩეული პირები. ამით მან თავი კანონზე მაღლა დააყენა. ჩადენილის გადასაფარად მან 2015 წლის 30 ნოემბერს გააუქმა სს”კავკასრეესტრის” წესდების იმ მუხლების რეგისტრაცია, რომლებიც მისი გადაწყვეტილების უკანონობას ადასტურებდა. მისი ამ ქმედებების შესახებ ცნობილია იუსტიციის მინისტრისა და გენერალური ინსპექციისათვის, მაგრამ მათი მხრიდან რაიმე რეაქციას ადგილი არ ჰქონია,” - განაცხადა აკაკი ჩარგლიშვილმა.

ამასთან, ჩარგლიშვილის ინფორმაციით, მონოპოლისტი საბანკო ჯგუფის დარღვევებზე ”გაუგებარ” ლოიალურობას ახდენს პროკურატურაც, რომელიც უარს აცხადებს ”კავკასრეესტრის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე.