სმარტფონების გაწვევის გამო "სამსუნგის" კაპიტალიზაცია 22 მილიარდი დოლარით დაეცა

ბატარეებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო სმარტფონების გაწვევის შედეგად "სამსუნგის" კაპიტალიზაცია 22 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა.

სამხრეთკორეული კომპანიის საბაზრო ღირებულება პარასკევისა და ორშაბათის სავაჭრო სესიებზე 11%-ით, ანუ 22 მილიარდი დოლარით შემცირდა.

რეკორდული დაცემის მიზეზი სმარტფონ Galaxy Note 7-ის ბატარეასთან დაკავშირებული ხარვეზი გახდა.

10 სექტემბერს აშშ-ის მთავრობასთან არსებული, სამომხმარებლო საქონლის უსაფთხოების კომისიამ მოუწოდა მომხმარებლებს, აღნიშნული სმარტფონების გამოყენებაზე უარი თქვან, რადგან მოწყობილობა აღჭურვილია თვითაალებადი ბატარეით.

11 სექტემბერს "სამსუნგმა" მომხმარებლებს Galaxy Note 7-ის ჩაბარებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Samsung Galaxy Note 7-ის მფლობელებს მოუწოდა, ბორტზე ცეცხლის გაჩენის პრევენციის მიზნით, ფრენის დროს ტელეფონები გამორთონ.