"სოსიეტე ჟენერალი" "თიბისი ბანკის" აქციების 5,4%-ის მფლობელი ხდება

”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ფრანგული "სოსიეტე ჟენერალი" ბაზრიდან არ გადის და საქართველოში რჩება.

მისივე თქმით, ”სოსიეტე ჟენერალი”  ”თიბისი ბანკის” აქციების 5.4%-ის მფლობელი ხდება.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, აღნიშნულ გარიგებაზე ბანკის მენეჯმენტი წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა. საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გარიგება წარმატებით დასრულდა და ”თიბისი ბანკი” ”ბანკ რესპუბლიკას” აქციებს ყიდულობს.

”სოსიეტე ჟენერალი” დარჩა ”თიბისი ბანკის” აქციონერად. ის ხდება ”თიბისი ბანკის” აქციების დაახლოებით, 5.4%-ის მფლობელი. ამით მოხდა საკმაოდ სერიოზული ორი ბანკის - ”თიბისი ბანკისა” და ”ბანკ რესპუბლიკას” კონსოლიდირება. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ვიქნებით ”სოსიეტე ჟენერალის” ოფიციალური წარმომადგენლები და პარტიორები საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი გარიგება ქართულ საბანკო ისტორიაში და ამით ”თიბისი ბანკი” უახლოეს ხანში გადავა 250 ყველაზე მსხვილი კომპანიის რიცხვში ლონდონის ბირჟაზე”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, ”თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ის პროფესიონალები, ვინც ”ბანკ რესპუბლიკაში” მუშაობენ, ”თიბისი ბანკის” გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ტრანზაქციის შედეგად ”თიბისი ბანკი” ბაზარზე დეპოზიტებისა და სესხების მიხედვით ნომერ პირველი ბანკი ხდება. ”ეს მოგვცემს საშუალებას გავზრდოთ ჩვენი მასშტაბები, ეფექტურობა და ჩვენს კლიენტებს უფრო უკეთესი მომსახურება და დაბალი საპროცენტო განაკვეთი შევთავაზოთ”, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

გარდა ამისა, ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ გარიგების შედეგად არ მცირდება კონკურენტული გარემო. მისივე თქმით, ”თიბისი ბანკს” ”ბანკ რესპუბლიკის” შეძენით გაუიაფდება რესურსი და აღნიშნული გარიგება გამოიწვევს ცვლილებებს მხოლოდ პოზიტიური კუთხით.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ”თიბისი ბანკმა” შეიძინა „პროგრესბანკის“ აქტივების (108 მილიონი ლარი) და პასივების (108 მილიონი ლარი) შერჩეული ნაწილი. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთი ქართული ბანკიდან შესაბამისი პორტფელების შეძენაზე, თუმცა რომელი ბანკია ეს, ამ ეტაპზე ”თიბისი ბანკში” არ აკონკრეტებენ.