გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ეკონომიკა რეგიონში წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით

ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ ნორმატიულ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს.

”ჩვენი ეკონომიკა დღესაც წარმატების მაგალითია ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში, რომელიც განიცდის ეკონომიკურ დეპრესიას თუ არა, მნიშვნელოვან შეფერხებას: 2015 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 2,8 პროცენტით, ხოლო 2016 წელს მოსალოდნელია, სულ მცირე, სამპროცენტიანი ზრდა. როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ საქართველოს, ისინი ხედავენ სტაბილურ ნორმატიულ გარემოს, რეგულაციების სიმცირეს, დაბალ გადასახადებს, ბიუროკრატიის ნაკლებობას და ბიზნესგარემოს გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. სწორედ ამიტომ მატულობს ყოველ წელს, ორმაგდება და ოთხმაგდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი საქართველოში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, საქართველოს აქვს სავაჭრო ურთიერთობები ყველასთან.

”ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე ჩვენ დავიწყეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავება, რომელიც დღეს უკვე დასასრულს უახლოვდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მსგავსი შეთანხმებები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, თურქეთსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან. ჩვენ ასევე ვსარგებლობთ აშშ-სთან, იაპონიასა და კანადასთან ზოგადი პრეფერენციული რეჟიმით. მეორე მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მხარე, უზრუნველვყოფთ მკაფიოდ გამოხატულ ევროპულ ხარისხს. თავისი არჩევნის ბუნებიდან გამომდინარე, საქართველო არის უსაფრთხო და პროგნოზირებადი ქვეყანა, სადაც ბიზნესსაქმიანობის წარმართვა მარტივია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ, რომელიც მომავალზე არის კონცენტრირებული, მიიღო რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანია მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფა.

”ქვეყანაში მიმდინარეობს საგადასახადო სისტემის, კაპიტალის ბაზრის, განათლების, ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემის სფეროთა რეფორმები. ყოველივე ეს ხაზს უსვამს მთავრობის მიზანმიმართულობას თანამედროვე, განათლებული, ჯანმრთელი და ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომელიც მზად არის, დაიკავოს თავისი ადგილი გლობალურ ეკონომიკაში და ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების არქიტექტურაში. მსოფლიო ბანკის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივით საქართველო 24-ე ადგილზეა მსოფლიოში, მე-14 ევროპაში და პირველი რეგიონში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მდებარეობის გათვალისწინებით, საზღვაო ინდუსტრიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, ”რადგანაც ჩვენ ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის”.

”ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გარდაქმნა აყვავებულ სატრანზიტო ქვეყანად, რომელიც წარმატებით იყენებს თავის მდებარეობას, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი. ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის შედეგად, სულ უფრო იზრდება საქართველოს მდებარეობის მნიშვნელობა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გულში. საქართველოს თავისუფალი სავაჭრო კავშირები აძლევს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, იყოს წამყვანი რეგიონული დისტრიბუციის ცენტრი, სადაც არ მოქმედებს ტარიფები. სწორედ ამ თემებს მიეძღვნა შარშან ოქტომბერში თბილისში ჩატარებული აბრეშუმის გზის ფორუმი, რომლის თანაორგანიზატორი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის და რომელსაც დაესწრნენ 34 ქვეყნის წარმომადგენლები”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიის უახლესი და ყველაზე უსაფრთხო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები.

”ჩვენ ძირფესვიანად შევცვალეთ ჩვენი მეზღვაურების განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა. საქართველომ წარმატებით გაიარა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საზღვაო უსაფრთხოების ევროპული სააგენტოს აუდიტორული შემოწმება. ჩვენი საზღვაო ტონაჟი იზრდება მაღალი ხარისხის გემების ხარჯზე. სამომავლოდ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც გულისხმობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას პანამაქსის ტიპის გემებისთვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება გარემოს დაცვა.

”თავისუფალი საზღვაო ტრანსპორტირება არსებითია გლობალური კეთილდღეობისთვის, მაგრამ სუფთა გარემო, ზღვების ჩათვლით, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ და უზრუნველვყოთ საზღვაო-სატრანსპორტო სტრატეგიებში ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების დაცვის უმაღლესი სტანდარტები დაცვა. ამ ინდუსტრიის წინაშე საკმაოდ რთული არჩევანი დგას, მაგრამ ჩემი აზრით, რომელსაც, გამოვთქვამ იმედს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაც იზიარებს, მომავალი ეკუთვნის ე.წ. მწვანე, ანუ მდგრად საზღვაო ტრანსპორტს. აუცილებელია ემისიის კონტროლის უფრო მკაფიო სტრატეგიების, პორტების მენეჯმენტისა და გემების სათანადო უტილიზაციის უზრუნველყოფა. ამ მიზნების მისაღწევად კი აუცილებელია მნიშვნელოვანი ძალისხმევა თავად ინდუსტრიის მხრიდან, მარეგულირებლებთან, პორტების ადმინისტრაციებთან და საზოგადოებასთან, განსაკუთრებით კი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომელიც წარმოადგენს საზღვაო ინდუსტრიის ერთადერთ მარეგულირებელ ორგანიზაციას”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.