გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყოველ ნაბიჯზე ატყუებენ. გარდა იმისა, რომ აირბალონებს დაუშვებლად მაღალ ატმოსფეროზე ტუმბავენ, გაზგასამართ ობიექტებში სისტემა ტექნიკურადაც ისეა მოწყობილი, რომ მყიდველი შეძენილი აირის მოცულობასა და ფასშიც მოტყუვდეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თბილისში აირბალონები ყველგან 220-230 ატმოსფეროზე იტუმბება, ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი 250-260 ატმოსფეროსაც აღწევს, რაც უსაფრთხოების ნორმის უხეში დარღვევაა და ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დამთავრდეს.

"ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, სპეციალისტებზე დაყრდნობით, გაერკვია, რა მეთოდს იყენებენ გაზგასამართ სადგურებში მომხმარებელთა მოტყუების მიზნით, როგორ იტუმბება ბალონები და რა საფრთხე ემუქრება როგორც ავტომფლობელს, ასევე გარშემომყოფებსაც.

შემთხვევითი არ არის, რომ მანქანების აფეთქების 90%-ზე მეტი სწორედ გაზგასამართ სადგურებზე ხდება. როგორც კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი, ნოდარ რამიშვილი განმარტავს, ასეთი შემთხვევების უმეტესობას ბალონების არასწორად დატუმბვა იწვევს. მისი ინფორმაციით, ავტომობილებში გაზის დატუმბვის დროს ტემპერატურული რეჟიმი დარღვეულია, რის გამოც ბალონებში ნაკლები გაზი ჩადის და მომხმარებელს რეალურად მეტის გადახდა უწევს. ტყუვდება უკლებლივ ყველა მომხმარებელი, ამიტომ ავტოგასამართ სადგურებზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს და ნებისმიერი შემთხვევა შეისწავლონ. "გაზის ნებისმიერ ბალონს აქვს წარწერა, რომ 15 გრადუსზე უნდა დაიტუმბოს. ასეა საერთაშორისო სტანდარტით, რომელსაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ითვალისწინებენ. ბალონის დატუმბვის დროს ცხელდება გაზი, ტემპერატურა მაღლა იწევს და გაცხელების შედეგად მყისიერი გაფართოება ხდება. კომპრესორი ცხელდება მუშაობის პროცესში, მით უმეტეს, ზაფხულში, თუმცა ზამთარშიც არაფერს აკლებენ, საამისოდ სხვადასხვა ხერხს იყენებენ.

ბალონი 60 გრადუსზე თუ გაცხელდა, შესაბამისად, 60 ატმოსფეროთი იმატებს გაზის წნევა. ამ გაზს გადიდებული წნევით უშვებენ ბალონში და უკვე შემდეგ, როცა ნორმალურ ტემპერატურამდე ცივდება, გამოდის, რომ მომხმარებელი 30-60 ატმოსფეროთი მოატყუეს ყოველი დატუმბვის დროს", - აცხადებს რამიშვილი და ბოლო შემთხვევასაც იხსენებს, როცა თავადაც ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურში მოატყუეს.

"სულ ახლახან გავები მახეში. 100 ატმოსფერო მქონდა 13 კბ-იან ბალონში, მაქსიმუმ უნდა ჩასულიყო 7-8 ლარის ბუნებრივი გაზი, მაგრამ 12 ლარის გაზი ჩამიტუმბეს. ნაცნობმა ოპერატორმა პირად საუბარში მითხრა კიდეც, რომ ვერაფერს მოახერხებს, რადგან სისტემა ტექნიკურად ისეა დამონტაჟებული, რომ ციფერბლატზე 10 ლარს წერს, როცა სინამდვილეში 9 ლარის გაზი იტუმბებაო.

ფაქტია, რომ ხალხს ყვლეფენ და ამ მაქინაციებში თითქმის ყველა გაზგასამართი სადგური მონაწილეობს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ და რა პირობებში იტუმბება ბალონი", - ამბობს რამიშვილი.

მისი განმარტებით, მსუბუქ ავტომობილში დამონტაჟებული ბალონი, წესით, 6 წუთის განმავლობაში უნდა იტუმბებოდეს, რასაც არავინ ითვალისწინებს.

"როცა მყისიერად შედის გაზი, ბალონის კედლები ფართოვდება ხახუნის გამო და შეიძლება, იგი აფეთქების მიზეზიც გახდეს. შემთხვევითი არ არის, რომ მანქანების აფეთქების ფაქტების 90% გაზგასამართ სადგურებზე ხდება.

არავისთვის არ არის უცხო, რომ კომპანიები პირდაპირ 200 ატმოსფეროთი მუშაობენ. ამ დროს ბალონის მყისიერი გაფართოება ხდება. ეს მაშინ, როცა ბალონში უნდა შევიდეს ჯერ 50 ატმოსფერო, გაჩერდეს 1 წუთის განმავლობაში, ანუ დაყოვნება მოხდეს, რათა შეგრილდეს და შემდეგ კიდევ 50 ატმოსფერო გაუშვან. ასე განმეორდეს, სანამ წნევა არ მივა 200 ატმოსფერომდე, ეს უნდა იყოს მეოთხე საფეხური.

როცა პირდაპირ 200 ატმოსფეროთი (ან მეტით) შედის გაზი, ბალონი მყისიერად ცხელდება და იკეთებს მიკრობზარებს, რაც შემდეგში აფეთქების მიზეზი შეიძლება გახდეს. საუბარი მაქვს ლითონის ბალონებზე. მაგრამ თუ მეტალოპლასტმასის ბალონია (ლოთონპლასტის) აქ უკვე დახვეულია კაპრონის ძაფი, კორპი, რაც წნევას იჭერს, ცხადია, ისიც ზიანდება. ამიტომ 2-3 წლის ბალონი ხშირად მწყობრიდან არის გამოსული. რაიონებში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ თბილიში ბალონები მასობრივად 220-230 ატმოსფეროზე იტუმბება, რეგიონებში ეს მაჩვენებელი 260 ატმოსფეროსაც აღწევს. არც ერთ გაზგასამართ სადგურზე არ ხდება სტანდარტით გათვალისწინებული პირობების დაცვა, მასობრივად ტყუვდება მომხმარებელი და კანონიც აბსოლუტურად უგულებელყოფილია", - განმარტავს ნოდარ რამიშვილი.

ავტოგასამართ სადგურებში სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე ხშირად ავტომფლობელებიც საუბრობენ. ასეთი ფაქტები ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებისთვისაც ცნობილია. "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ კონტროლი საერთოდ არ მიმდინარეობს და ბაზარი დაუცველია, რის გამოც მომხმარებელი ზარალდება.

"მნიშვნელოვანი საკითხია როგორც ავტომობილის ტექნიკური გამართულობა, ასევე უსაფრთხოება, რაც კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს. ცხადია, ეს ავტოგასამართ სადგურებსაც ეხება, სადაც ხშირად უსაფრთხოების ელემენტარული პირობებიც არ არის დაცული. საქართველოს მთავრობამ 2015 წელს მიიღო დადგენილება, რომ კონტოლი გაემკაცრებინა გაზგასამართ სადგურებზე და აიკრძალა აირბალონების 200 ატმოსფეროზე მეტი სიმძლავრით დატუმბვა.

ვიცი, რომ კანონს არავინ იცავს და სინამდვილეში უფრო მაღალ ატმოსფეროზე ხდება დატუმბვა, თანაც ბალონი შეიძლება იყოს ტექნიკურად გაუმართავი და ჰქონდეს დაზიანება, რასაც შეიძლება მოჰყვეს აფეთქება და, შესაბამისად, ფატალური შედეგი. მონიტორინგი დაიწყეს, დააჯარიმეს კიდეც რამდენიმე გაზგასამართი სადგური, მაგრამ კონტროლი მოულოდნელად შეაჩერეს. ამ ეტაპზე გაზგასამართი სადგურების შემოწმება არ ხდება", - აცხადებს ურუშაძე.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ექსპერტი ამბობს, რომ დადასტურებული შემთხვევები მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა სხვადასხვა დარღვევის შესახებ ინფორმაცია მძღოლებისგან აქვს.

"საქართველოს მასშტაბით ბევრი მოძრავი "სადგური" გვხვდება. ავტომობილში დამონტაჟებულია უზარმაზარი გაზის ბალონი და დგას პირდაპირ დასახლებულ პუნქტში, სადაც ავტომობილის ბუნებრივი აირით დატუმბვა ხდება. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და არ ჯდება საერთაშორისო სტანდარტში. სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ მომხმარებელი იყოს დაცული.

ბევრი მომხმარებელი საუბრობს, რომ გაზგასამართ სადგურებს შორის არის განსხვავება ფასსა და მოცულობაში. ხშირად არის შემთხვევა, როცა 15 კუბ/მ მოცულობის აირბალონში, 16M17 კუბ/მ იტუმბება. ცხადია, ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა. ამის აღმოფხვრას ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომელსაც რეალურად არანაირი ბერკეტი არ აქვს მონიტორინგის განსახორციელებლად", - დასძენს ვასო ურუშაძე.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, სადგურებში გაზის მაღალ ტემპერატურაზე დატუმბვის გამო ბუნებრივი აირის რეალური ფასი 1,30 ლარს აჭარბებს. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, რომ ავტოგაზის ფასი, ფაქტობრივად, ბენზინის ღირებულებას გაუტოლდა. ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"