საქართველოში 2015-2016 წლებში გემებიდან შავი ზღვის დაბინძურების 31 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, 2015-2016 წლებში, გემებიდან შავი ზღვის დაბინძურების 31 შემთხვევა დაფიქსირდა , ამ პერიოდში კი გემების დაჯარიმების საერთო თანხამ 2 მილიონ ლარამდე შეადგინა, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ”საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ”საერთაშორისო საზღვაო ფორუმის” მონაწილეებს სიტყვით მიმართა და შავი ზღვის სანაპირო ზონის ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ ტურისტული სექტორის პოტენციალის გაზრდის შესახებ ისაუბრა.

„შავი ზღვა წყლის უნიკალური ობიექტია. იგი მსოფლიოში ყველაზე დიდ წყალშემკრებ აუზს წარმოადგენს. მისი ფართობი შეადგენს 2 მლნ კვ.კმ და ფარავს ევროპის კონტინენტის თითქმის ერთ მესამედს. ამ ბუნებრივმა მოცემულობამ შავი ზღვა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეული გახადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ნახევრადჩაკეტილი ბუნების გამო შავი ზღვა ძალიან მგრძნობიარეა ანთროპოგენული ზეგავლენის მიმართ და შესაბამისად, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს სოციო-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების დროს.

საქართველო არის გემებიდან დაბინძურების პრევენციის (მარპოლის) კონვენციის და შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის (ბუქარესტის) კონვენციის მხარე ქვეყანა, რაც წარმოადგენს ერთობლივი და კოორდინირებული ქმედებების საფუძველს შავი ზღვის ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად. აქვე აღვნიშნავ, რომ 2016 წელს საქართველო თავმჯდომარეობს კონვენციის ფარგლებში შექმნილ შავი ზღვის კომისიას”, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზღვის დაბინძურების რისკებზე, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ავარიებმა, გადატვირთვებმა, საბუნკერო ოპერაციებმა და სხვა საქმიანობებთან დაკავშირებულმა საზღვაო ინციდენტებმა. ამგვარმა დაბინძურებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას როგორც ზღვის ცოცხალ სამყაროს, ასევე სანაპიროზე განთავსებულ ობიექტებს, რეკრეაციულ ადგილებს და მეთევზეობას. 2015 წლის განმავლობაში საქართველოში გემებიდან ზღვის დაბინძურების 16 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წლის დასაწყისიდან კი - 15. ამ პერიოდში გემების დაჯარიმების საერთო თანხამ 2 მლნ ლარამდე შეადგინა.

„გადახდილი ჯარიმებით ზღვისთვის მიყენებულ ზიანს ვერც შევამსუბუქებთ და ვერც პირვანდელ ეკოლოგიურ მდგომარეობას დავუბრუნებთ მას. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ პრევენციულ ღონისძიებებზე გავამახვილოთ ყურადღება. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად მუშაობს საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში ევროგაერთიანების ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესრულებაზე. მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია შესაბამის დირექტივასთან, დაგეგმილია ზღვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და ღონისძიებების პროგრამის მომზადება ზღვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით”, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.