გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო სატრანზიტო ქვეყნის იმიჯს იბრუნებს

საქართველო არის საზღვაო ქვეყანა, თანდათან იმტკიცებს იმიჯს და იბრუნებს იმ ძალიან დიდ მნიშვნელობას სატრანზიტო ქვეყნის, რომელიც მას ისტორიულად ჰქონდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე “საერთაშორისო საზღვაო ფორუმის” თემაზე კომენტირების დროს განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2014 წლიდან ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ იმუშაონ საერთაშორისო მასშტაბით და დღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბათუმში ყოფნა დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

„საქართველომ 2014 წელს განაახლა საზღვაო სერტიფიკატების საერთაშორისო აღიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა და საქართველო ამზადებს უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურებს, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული, უფლებამოსილი არიან იმუშაონ საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირის დროშის ქვეშ მოცურავე გემებზეც. დღეს, ”საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის” გენერალური მდივნის ყოფნა ბათუმში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. დღეს ასევე რამდენიმე საერთაშორისო მემორანდუმი გაფორმდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარე ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.