„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა იყიდოს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, შესაძლოა, საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა (GIG) იყიდოს.

ინფორმაცია ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.

“ყაზტრანსგაზის“ მფლობელი „ყაზმუნაი გაზის“ მხრიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ყაზახური მხარე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა პროცესის დეტალები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის,“ - ამბობენ უწყებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას, ექსპერთა წრეებშიც ადასტურებენ. როგორც ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დაახლოებით 2-3 თვეა, რაც ამ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით პირადი საუბრები გაჩნდა. მისივე თქმით, როგორც ჩანს, ახლა ეს საუბრები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ამის ოფიციალური დოკუმენტი ჯერჯერობით არ არსებობს.

„მივესალმები ქართული კომპანიების გაძლიერებას. თუმცა, ამ ეტაპზე ცოტა რთულია იმის თქმა, რა სიკეთეს მოუტანს ეს მაცხოვრებლებს. შესყიდვის პირობები ან ვალდებულებები თუ რას გვპირდება ინდუსტრიული ჯგუფი არ მინახავს, ამიტომ წინასწარ ალბათ შეუძლებელია ვისაუბროთ პირდაპირ გავლენაზე, რომ ქართული ჯგუფი შემოვიდა და ტარიფი შემცირდება, ავარიები აღარ იქნება ან ა.შ.,“ -აღნიშნა არაბიძემ.

ინდუსტრიულ ჯგუფში ყაზტრანსგაზ-თბილისის შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საუბრისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ სანამ ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაფორმდება, ამ ინფორმაციას ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ.

ცნობისთვის, 2009 წლიდან ყაზტრანსგაზ-თბილისს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დანიშნული მმართველი ჰყავს. ამის მიზეზი კი კომპანიის როგორც “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ასევე ფინასთა სამინისტროს მიმართ არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით 80 მილიონამდე დავალიანებაა.

როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენელმა "ბიზნესპრესნიუსს" უთხრა, მას მოლაპარაკებების შესახებ არანაირ ინფორმაცია არ აქვს. სემეკის ცნობით, კი კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს სპეციალური მმართველის ინსტიტუტი ხელს არ უშლის.

ცნობისთვის, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 2005 წელიდან ქართული ელექტროენერგიის ბაზარზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. მის მფლობელობაშია 8 მცირე ჰიდრო სადგური, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზზე მომუშავე თბოელექტოსადგური.

რაც შეეხება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”ყაზტრანსგაზ-თბილისს”, რომელიც ყაზახური კომპანია ”ყაზტრანგაზი”-ის შვილობილია, თბილისში 2006 წლის 9 მარტს დაფუძნდა. ამ დროისათვის, კომპანია დედაქალაქის მასშტაბით გაზს 384 055 აბონენტს აწვდის, მათ შორის მოსახლეობის სექტორში 370 026 აბონენტს, 1 740 მსხვილ მომხმარებელსა და 12 289 სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს.