„გაზპრომის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

სომხეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.

ამ პოსტს რუსული კომპანია „გაზპრომის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი კარენ კარაპეტიანი დაიკავებს. როგორც სომხური მედია იტყობინება, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კარაპეტიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი.

სომხურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კარენ კარაპეტიანი 2001-2010 წლებში „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის, „გაზპრომ-არმენიას“ გენერალური დირექტორი იყო, 2010-2011 წლებში ერევნის მერის თანამდებობას იკავებდა.

2011 წლის დეკემბერში „გაზპრომბანკის“ პირველ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, 2015 წელს კი „გაზპრომ ენერგოჰოლდინგის“ საერთაშორისო პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა.

სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა თანამდებობა გასულ კვირას, საკუთარი სურვილით დატოვა.