დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა.

როგორც  ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მონაწილეებს, განსაკუთრებით “საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის” გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმსა და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო სახელმწიფოების ტრანსპორტის მინისტრებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ბათუმის ფორუმზე, რომელიც წელს პირველად ტარდება, განხილული იქნება საერთაშორისო ნაოსნობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მოხსენებაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველო ახორციელებს ადგილობრივი საზღვაო სექტორის რეფორმირებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. მათი მეშვეობით საქართველოს საზღვაო სექტორი უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული საერთაშორისო სანაოსნო სისტემაში. მისი თქმით, ხელისუფლებამ შეიმუშავა საზღვაო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია, რომლის განხორციელებაც ეფექტიანი ეკონომიკური მოდელის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს, არ ტარდება იმისთვის, რომ ქვეყანამ ამით თავი მოაწონოს საერთაშორისო დამკვირვებლებს. მისი თქმით, ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანსაც საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება და მისი სრულფასოვან და ეკონომიკურად მომგებიან სექტორად გარდაქმნა წარმოადგენს.

“ჩვენ ძალიან მტკივნეული რეფორმა განვახორციელეთ და დღეს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან საზღვაო ქვეყანას, ამაყად შეუძლია თქვას, რომ გააჩნია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტის რეგულირების სისტემა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო კლიმატი ადგილობრივ საზღვაო სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ წარმატების მიუხედავად, ხელისუფლება მუდმივად ახორციელებს აღიარებული სტანდარტების სრულყოფას.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველომ, როგორც ტრადიციულმა საზღვაო ქვეყანამ, გაცილებით უფრო სრულყოფილი გახადა ადგილობრივი შრომის ბაზარი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს ინვესტირება ადამიანურ რესურსებში, რათა საერთაშორისო შრომის ბაზარზე საქართველოში გაცემული მეზღვაურთა ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ მიმართულებით, საქართველო ახორციელებს ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საზღვაო სახელმწიფოებთან.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, საქართველო გახადოს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი და ამ მიზნის მისაღწევად განახორციელოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. მისი განცხადებით, აქტიურად ვითარდება სატრანსპორტო მარშრუტები საქართველოს მონაწილეობით, რაც დღის წესრიგში აყენებს ინტეგრირებული სატრანსპორტო პოლიტიკის წარმოებას. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა გლობალურ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებებზე, მათ შორის ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე და საქართველოს როლსა და ფუნქციაზე ამ კუთხით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში დიდი ყურადღება დაუთმო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, იმ რეფორმებს, რომლებიც ხორციელდება ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით. მან აუდიტორიას გააცნო ის პოზიტიური რეიტინგები, რომლებიც საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა ბოლო პერიოდში გამოაქვეყნეს.

მოხსენების დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი მუდმივმოქმედი იქნება და მომდევნო ანალოგიური შეხვედრა 2018 წელს გაიმართება.