ლევან რაზმაძე სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ დღეს სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს ხელმძღვანელს კონკრეტულ ტენდერებთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართეს და შესყიდვების სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

თავის მხრივ ლევან რაზმაძემ შეხვედრის მონაწილეებს დახურული სისტემით გამოცხადებული და ორეტაპიანი ტენდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრის მიზანია მათი მხრიდან მოვისმინოთ პრობლემები და სახელმწიფო შესყიდვებში არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ, რომელიც მათ ტენდერებში მონაწილეობისთვის ხელს უშლით. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩვენი შეხვედრები თემატურად დავყავით. მშენებლობის სფეროში დასაქმებული ბიზნესმენებისგან მოვისმინეთ, რა აწუხებთ მათ და რა არის გამოსასწორებელი, როგორ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლების მიერ წინა შეხვედრებზე გამოთქმული შენიშვნები, კერძოდ, თანხის არადროული გადახდა, არაადეკვატური ჯარიმები და სხვა პრობლემები, უკვე მოგვარებულია. ჩვენს მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებშია ასახული, რომლებიც ამ საკითხებს არეგულირებენ“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შემდეგი მე-11 შეხვედრა 28 სექტემბერს ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან შედგება.