"ჩინური პროდუქციის ექსპანსიისგან ქვეყანას ვერაფრით დავიცავთ!"

საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს,  მთავრობა ამით ექსპორტის გაზრდასა და წარმოების სტიმულირებას ცდილობს. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ეს პროცესი სამომავლოდ გარკვეულ მოგებას მოგვცემს.

შიშს, რომ ჩინური პროდუქცია წაგვლეკავს, მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ეკონომისტები უსაფუძვლოდ არ მიიჩნევენ, თუმცა მათი მოსაზრება განსხვავებულია. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ქვეყანა მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს აგროსასურსათო სექტორს უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს აგროსასურსათო სექტორისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ რეკორდულად მცირე დროში მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას, რაც საქართველოდან ჩინეთის რესპუბლიკაში ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა აგროპროდუქტების ნულოვანი ტარიფით შესვლას გულისხმობს. ხელშეკრულების გაფორმება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს აგროსასურსათო სექტორს.

მინისტრის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი უკვე ტრადიციული ბაზრის რეალური ალტერნატივა გახდა. ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნებს შორის ჩინეთი უკვე მეორე ადგილზეა. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ კი, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებს განსხვავებული აზრი აქვთ და სარგებლის მიღმა გარკვეულ საფრთხესაც ხედავენ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ჩინური პროდუქცია საქართველოს ბაზარს წალეკავს და ამ პროცესის გასამკლავებლად ძალა არ გვეყოფა.

"ეს არის ყოველმხრივ საზიანო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რა სარგებელზეა ლაპარაკი! ყველა ქვეყანა ემალება ჩინეთს. კარგი იქნება, გვიპასუხონ, რატომ არ აქვს ჩინეთს ევროპის ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება? ასეთი ურთიერთობის შემოღებით ვაძლიერებთ ქვეყანაში ჩინური პროდუქციის უპირატესობას, რასაც ყველა ნორმალური ქვეყანა გაურბის.

ჩინური პროდუქციის ექსპანსიისგან ქვეყანას ვერაფრით დავიცავთ. ფაქტია, რომ ამ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პოლიტიკურ პიარზეა ორიენტირებული და მცირე შედეგსაც ვერ მივიღებთ", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

სპეციალისტების ინფორმაციით, აგროსასურსათო პროდუქციის გარდა, ჩინეთის მხრიდან დიდი ინტერესია ენერგეტიკული სექტორის მიმართ, რასაც შეიძლება სამომავლოდ მოპოვებითი მრეწველობის რამდენიმე დარგიც დაემატოს.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, ორმხრივი სარგებლის მისაღებად საქართველოს ეკონომიკა უნდა იყოს განვითარებული, რომ ჩინეთის ბაზრის ათვისება შევძლოთ.

"დღევანდელი მოცემლუობით თუ ვიმსჯელებთ, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი არ არის ჩვენ სასარგებლოდ. თუ დარჩება ეს მდგომარეობა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ჩვენთვის ეკონომიკურად არ იქნება მომგებიანი. ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ დინამიკაში, რა შეიძლება სამომავლოდ გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ ამ ურთიერთობისგან სარგებელი მიიღოს.

ჩინური პროდუქცია ისედაც შემოდის და იპყრობს ბაზარს არა მარტო საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის დროში გათვლილი მიზანი, რაშიც სარგებელს მივიღებთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვაქვს", - აცხადებს სილაგაძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ საექსპორტო პროდუქციის წარმოება განავითაროს.

"მეტი რეკლამირება დაგვჭირდება ღვინოზე, მინერალურ წყლებზე. გაყიდვის სტიმულირებისთვის ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. ვფიქრობ, ჩინეთისთვის საინტერესო იქნება ენერგეტიკული სექტორი და სოფლის მეურნეობის რამდენიმე დარგი. არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურება მოპოვებითი მრეწველობა, განსაკუთრებით მინერალების მოპოვება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი ოქროს უმსხვილესი მწარმოებელია. არ გამოვრიცხავ, ეს მიმართულებაც საინტერესო აღმოჩნდეს მომავალი პარტნიორებისთვის", - განმარტავს სილაგაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"