თემურ თორდინავა - ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა

საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციამ წელს, პრაქტიკულად, ტექნიკური თვალსაზრისით, ხარვეზების გარეშე ჩაიარა , - ამის შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც თემურ თორდინავამ აღნიშნა, ვერ მოხერხდა ყველა აღსაზრდელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული კუთხით თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუშაობს ახალი ბაღების გახსნითა და არსებული ბაღებში ჯგუფების შექმნით.

„პრაქტიკულად ტექნიკური თვალსაზრისით უხარვეზოდ ჩაიარა. დღეის მდგომარეობით 57 000-ზე მეტი აღსაზრდელი რეგისტრირებულია თბილისის საბავშვო ბაღებში. ყველა აღსაზრდელის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა, მაგრამ აღნიშნულ გამოწვევას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო პასუხობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობით და მოქმედ ბაღებში ახალი ჯგუფების გახსნით“, - განაცხდა თორდინავამ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით თბილისის საბავშვო ბაღებში დამატებით 20 ახალი ჯგუფი გაიხსნა და 700-ზე მეტი აღსაზრდელი დაკმაყოფილდა. მისივე ინფორმაციით, წელს ოთხი ახალი ბაღის - N128, N226, N35 და N25-ე ბაღების გახსნით დამატებით 15 000-მდე ადგილი შეიქმნა. მისივე ინფორმაციით, შემოდგომაზე იგეგმება კიდევ სამი ახალი ბაღის გახსნა, რაც დამატებით 1 000-მდე სკოლამდელი აღსაზრდელი ასაკის ბავშვის მიღების საშუალებას მისცემს სახელმწიფოს.