თხილის მწარმოებელთა ნაწილს თხილის რეალიზაციის იმედი აღარ აქვს

სამეგრელოში თხილის მწარმოებელთა ნაწილს თხილის რეალიზაციის იმედი გადაეწურათ.

ცუდ დღეში არიან გლეხებიც, რადგან გახშირდა შემთხვევები, როდესაც თხილის უხარისხობის გამო, ჩაბარებაზე უარს ამბობენ.

ადგილობრივების თქმით, მიმღებ პუნქტებში გასაყიდ თხილს მკაცრად აკონტროლებენ.

ზუგდიდელი ანზორ ჯანაშიას განცხადებით, 10-დან 6-7 თხილს მაინც თუ არ აქვს ხარისხიანი გული, 1 ლარად ან ნაკლებად იბარებენ.

ზუგდიდსა და მის გარშემო რამდენიმე ქარხანაა, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებული. მათი თქმით, ქარხანაში შემოსული ყველანაირი თხილის რეალიზაცია ხდება.

"როდესაც გლეხებისგან დაბალ ფასად ყიდულობენ თხილს, მათ მხოლოდ ნაჭუჭის თანხას უხდიან, მაგრამ სინამდვილეში გულსაც იყენებენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, დამტვრევისას ცალკე ვაფასოებთ თხილს, რომელიც შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება. უვარგისი თხილი არ არსებობს, მას გამოიყენებენ ზეთისა და თაფლაკვერისთვის. ნაჭუჭის გასაღება კი პრობლემა არასდროს არის", - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალატეტის ერთ-ერთი მცხოვრები.

ადგილობრივები ხელმძღვანელობას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მოსახლეობას არავინ უხსნის, როგორ დაიცვან მოსავალი.

"მთავრობის ნება და სურვილი რომ იყოს, მათ შეუძლიათ გლეხების დახმარება ამ ბიზნესის განვითარებაში. ბანკებსა და ქარხნებს კი შეუძლიათ შეიმუშავონ ერთობლივი პროგრამები და მეთხილეებს შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შესთავაზონ", - ამბობს თხილის მწარმოებელი ბესო ადამია.

ლალი პაპასკირი