ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ ამბროლაურში აეროდრომის მშენებლობა მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელ ქეთი ალექსიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დღეს აეროდრომზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა 2016 წლის ბოლომდე იგეგმება. აეროდრომი თავდაპირველად 20 მგზავრზე იქნება გათვლილი, თუმცა მომავალში საშუალო ზომის თვითმფრინავებსაც მოემსახურება.

”ახალი აეროდრომის მშენებლობა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ტურიზმის განვითარებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს ,,კომპანია ბლექსი გრუპს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად პროექტის ღირებულება 6 364 464 ლარს შეადგენს. აეროპორტის მშენებლობაზე უკვე 70-მდე ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 40-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.