112-ის ინფორმაციით, ბუნებრივი აირით მოწამვლის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულია 11 პირი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბუნებრივი აირის გაჟონვასთან დაკავშირებით 3000-მდე ზარი შევიდა. როგორც აღნიშნულ სამსახურში განაცხადეს, მაშველთა ჯგუფის დახმარება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გახდა აუცილებელი.

”უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი დახმარება საჭირო არ გახდა, მაგრამ ჩვენი ჯგუფები უსაფრთხოების მიზნით მაინც გავიდნენ გამოძახების ადგილზე”, - აცხადებენ სააგენტოში.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით - ყელის წვის, თავის ტკივილის და ღებინების შეგრძნების ჩივილებით დღეს 11 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” განცხადებით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანში (ვაკე, წყნეთი) დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი, რაც გამოწვეული იყო გაზის ჭარბი ოდორიზების გამო.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ამ ეტაპზე არანაირი ტექნიკური პრობლემა აღარ არსებობს.

”ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მისაცემად, რათა მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წამოადგენს. შექმნილი მდგომარეობაზე შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

ცხელი ხაზის ნომერი: 2 24 40 40 (651)”, -ნათქვამია განცხადებაში.