ზუგდიდში სკრინინგ-ცენტრი დაფუძნდება

ზუგდიდში მალე რეგიონში პირველი სკრინინგ-ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.

ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი და მისი მშენებლობა 2017 წლის მარტიდან დაიწყება.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი” ახორციელებს, ფინანსურ მხარდაჭერას კი ჩეხეთის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

"ეს იქნება საქართველოში არსებული ყველაზე კარგი სკრინინგ ცენტრი შენობითა და აღჭურვილობით“, - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა რემა ღვამიჩავამ ზუგდიდში 9 სექტემბერს გამართულ კონფერენციაზე, რომელიც კიბოს პრევენციისა და სკრინინგის თემას ეძღვნებოდა.

ჩეხეთის „კარიტასის“ ინფორმაციით, სკრინინგ-ცენტრში ადგილობრივი პერსონალი დასაქმდება, მათი ცნობიერების ამაღლებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის კი ჩეხეთიდან მოწვეული სპეციალისტები ტრენინგებს ჩაატარებენ.

"კარიტასის" კიდევ ერთი პროექტის - "კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში" მენეჯერის თამარ კურტანიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის როლის ჩართულობის გაზრდა კიბოს სკრინინგის თვალსაზრისით.

”პროექტი მოიცავს მოსახლეობის საგანმანათლებლო ნაწილს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის შეხვედრას მოსახლეობასთან სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში“, - განაცხადა თამარ კურტანიძემ.

კონფერენცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, ონკოპრევენციის ცენტრისა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის ”თანადგომა” ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ჩეხეთის განვითარების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში უზრუნველყოფს.